შუათანა ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარება ყოველთვის არ მიმდინარეობს გარკვეული სქემის მიხედვით და თავისებურებებით გამოირჩევა.
ბავშვს, რომელიც იბადება პირველ შვილსა და მესამე „ბედნიერ მოვლენას“ შორის, მშობლები ხშირად აღიქვამენ როგორც რაღაცით განსხვავებულს დანარჩენი ორისგან.
შედეგად, ის ექცევა ერთ-ერთ უკიდურესობაში: ან ხდება მორცხვი, ჩაკეტილი, ძალიან მგრძნობიარე, ან პირიქით, ხდება დომინანტური, აგრესიული და შეპყრობილი კონკურენციის სურვილით.
ეს სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ის ძმებსა და დებს შორის აღმოჩნდა.
პირველ შემთხვევაში, ის ჩვეულებრივ უთმობს სხვებს, მათ მოთხოვნებსა და დაჟინებულ თხოვნებს, იმ იმედით, რომ კეთილი მამა ან მოსიყვარულე დედა დაეხმარება.
მეორე შემთხვევაში კი შუათანა ბავშვი არ არის დამთმობი – ის მუდმივად თავდაცვით პოზიციაშია და ცდილობს შეტევაზე გადავიდეს, რათა გამარჯვებით საკუთარი არსებობა დაამტკიცოს.
მშობლებს უფრო მოსწონთ მეორე ტიპის ქცევა (აქტიური, კონკურენტული), მაგრამ ეს ყოველთვის უკეთესი არ არის.
სინამდვილეში, ჩვენ ხშირად ვაფასებთ აგრესიულობას, რადგან საზოგადოება მას გარკვეული შემწყნარებლობით ეკიდება.
თუმცა ყველაფერი, რასაც საზოგადოება ამართლებს, სულაც არ გვაძლევს ნამდვილ შინაგან კმაყოფილებას.
როგორც ერთი, ისე მეორე ტიპის ქცევა ბავშვს აიძულებს მუდმივად იბრძოლოს იმასთან, რაც არ მოსწონს. ეს მუდმივი დაძაბულობა იწვევს დაუკმაყოფილებელი სურვილების კასკადს.
მშობლები კი იმდენად ერთვებიან ამ პროცესში, რომ ხშირად ვერ ახერხებენ სწორი ნაბიჯების გადადგმას.
როგორ ჩნდება ეს პრობლემა
თავიდან მშობლები პირველ შვილს უთმობენ მთელ ყურადღებას, რაც ბუნებრივია ოჯახის შექმნის საწყის ეტაპზე.
მეორე ბავშვის გაზრდა უკვე უფრო მარტივია გამოცდილების გამოც და იმიტომაც, რომ მშობლები უფრო მშვიდები ხდებიან.
და რა ხდება, როცა მესამე ბავშვი იბადება?
თუ მშობლები არ გეგმავენ მრავალშვილიან ოჯახს, ამ დროისთვის ისინი უკვე გადაღლილები არიან. ისინი ახალშობილს საჭირო ზრუნვას არ აკლებენ, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ მეორე ბავშვს.
ეს გასაგებია:
- ჩვილი სრულიად უსუსურია
- მას აუცილებლად სჭირდება ზრუნვა
ამიტომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში სწორედ შუათანა ბავშვი აღმოჩნდება.
პირველი ბავშვი უკვე შედარებით დამოუკიდებელია („მე თვითონ“ ეტაპი გავლილია ან ახლა გადის).
მეორე ბავშვი კი:
- უკვე მოძრაობს
- იწყებს სიარულს
- მაგრამ ისევ მთლიანად დედაზეა დამოკიდებული
ამიტომ დედისთვის ყველაზე რთული სწორედ შუათანა ბავშვთან ურთიერთობა ხდება.
შემდგომი განვითარება
დროის განმავლობაში პრობლემა უფრო რთულდება:
- პირველი ბავშვი მშობლებს უფრო და უფრო სიამოვნებას ანიჭებს
- მესამე უფრო და უფრო „საყვარელი“ ხდება
- ხოლო შუათანა ბავშვის ღირსებების დანახვა რთულდება
თუ მას განსაკუთრებული ნიჭი არ გამოუვლინდა, ხშირად უბრალოდ „უჩინარი“ ხდება.
ეს კი ძალიან საზიანოა.
შუათანა ბავშვი იწყებს საკუთარი თავის აღქმას ისე, როგორც მშობლები აღიქვამენ მას. ის არჩევანს აკეთებს ორ უკიდურესობას შორის, რაც დამოკიდებულია:
- ოჯახის გარემოზე
- ურთიერთობებზე
- პირველ შვილზე
- მშობლების ხასიათზე
მაგალითად: თუ პირველი ბავშვი ძალიან წარმატებულია, შუათანამ შეიძლება იფიქროს, რომ ვერასდროს გაუტოლდება მას და ამის გამო შესაძლოა საკუთარ თავში ჩაიკეტოს. თუ პირველი ბავშვი მშვიდია და ნაკლებად აქტიური შუათანა შეიძლება გახდეს აგრესიული და კონკურენტულ ურთიერთობაში შევიდეს და-ძმასთან.
ამ სიტუაციაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლის დამოკიდებულებას შვილების მიმართ.
- ზოგ მშობელს უფრო მეტად უყვარს უმცროსი
- ზოგი – უფროსი
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ სხვას ეხება და ჩვენ არ შეიძლება მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ, არა, მშობელი ამას, ხშირად, გაუცნობიერებლად აკეთებს.
თუ მშობლები უპირატესობას უფროსს ანიჭებენ, შუათანა ბავშვი შეიძლება გახდეს უხეში და აგრესიული.
თუ მშობლები ძალიან თბილად ექცევიან უმცროსს, შუათანამ შეიძლება დაიწყოს „პატარა კონკურენტის“ როლის თამაში.
ამ შემთხვევაში, ყურადღების მოპოვების მცდელობა შეიძლება გადაიზარდოს:
- ჩაკეტილობაში
- განდგომაში
რაც სიგნალია, რომ ბავშვს მეტი ყურადღება სჭირდება.
როგორ დავეხმაროთ შუათანა ბავშვს
არსებობს ორი ძირითადი გზა:
1. მივცეთ შესაბამისი საქმიანობა
უნდა ვიპოვოთ საქმე, რომელიც:
- შეესაბამება მის ენერგიას
- აძლევს კონკურენციის საშუალებას
მისი ქცევის გაკრიტიკება არ არის გამოსავალი, ეს მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას.
მაგალითი:
5 წლის ავთოს კარგად დაეხმარა ინდივიდუალური თამაში: ის შესანიშნავად აწყობდა კონსტრუქტორს და ხატავდა, რის შედეგადაც სხვა ბავშვებიც შეუერთდნენ.
ამ ფაქტმა ავთოს მეტი თვითდაჯერება მისცა და უკეთესად გაიხსნა სხვებთანაც.
6 წლის ნენეს შემთხვევაში, მან აგრესია გადაიტანა თამაშებში, რომლებიც იყო კონკურენტული, მაგრამ სადაც მთავარი იყო პროცესი და არა შედეგი.
ამის შედეგად ნენემ ისწავლა იმპულსების კონტროლი, გახდა უფრო მშვიდი, შეწყვიტა გამორჩეულად ყოფნის აკვიატებული სურვილი.
2. ბავშვების ნაწილობრივ განცალკევება
ეს არ ნიშნავს დაშორებას, არამედ მათი ინდივიდუალობის აღიარებას.
ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი სივრცე, უნდა ჰყავდეთ ინდივიდუალური მეგობრები, ჰქონდეთ განსხვავებული ინტერესები და დადიოდნენ სხვადასხვა წრეზე. იდეალურ შემთხვევაში, სხვადასხვა ოთახში ძილი ასევე კარგი გამოსავალია. თუ მშობელი მოახერხებს, სხვადასხვა სკოლაში მათი ტარებაც არაა ურიგო.
ასევე დაიხსომეთ, რომ არ ღირს ერთნაირი სამოსის ყიდვა, არც ერთნაირი სათამაშოებია საჭირო. სჯობს ყველაფერში განსხვავებულები იყვნენ.
თუმცა ბავშვი ხშირად ითხოვს იგივე სათამაშოს, რაც სხვას, განსაკუთრებით კი დედმამიშვილს აქვს. ეს არის მისი გზა დარწმუნდეს, რომ ისიც უყვართ.
მშობლებმა უნდა შეძლონ მოქნილობა. თითოეულ ბავშვს განსხვავებულად მოექცნენ და აჩვენონ, რომ ეს განსხვავება ნორმალურია. რაც უფრო მეტად ვაჩვენებთ ამას, მით უფრო მეტად იგრძნობენ ბავშვები ჩვენს სიყვარულს.