ბავშვი ყოველთვის ძალიან განიცდის, როდესაც ოჯახის კერა ინგრევა. ოჯახის დაშლა ან განქორწინება, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი მაქსიმალურად მშვიდად და ცივილურად ხდება, ბავშვებში მაინც იწვევს ფსიქოლოგიურ შოკსა და ძლიერ ემოციურ განცდებს.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბავშვს დაეხმარო ზრდის სირთულეების გადალახვაში გაყოფილ ოჯახშიც, მაგრამ ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმ მშობლისგან, ვისთანაც ბავშვი დარჩება. განსაკუთრებით მძიმედ აისახება განქორწინება ბავშვზე, თუ ის 3-დან 12 წლამდე ასაკშია და თან მარტოა.
გარემოებები, რომელიც განქორწინების შემდეგ ბავშვზე განსაკუთრებით მოქმედებს:
პირველი
ოჯახის დაშლას ხშირად წინ უძღვის კამათისა და კონფლიქტების მრავალი თვე, რომელთა დამალვა ბავშვისგან რთულია. ამ დროს მშობლები, მიუხედავად კარგი განზრახვისა, ხშირად ბავშვსაც ცუდად ექცევიან, რადგან საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებულნი.
მეორე
ბავშვი გრძნობს მამის არყოფნას, მაშინაც კი, თუ ამას ღიად არ გამოხატავს. ხშირად იგი მამის წასვლას აღიქვამს როგორც პირად უარყოფას. ეს გრძნობა შეიძლება წლების განმავლობაში ემოციურ ტრავმად გაჰყვეს.
მესამე
ხშირად განქორწინების შემდეგ დედა იძულებულია მუშაობა დაიწყოს და ბავშვს ნაკლები დრო დაუთმოს, რის გამოც ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს დედის მხრიდანაც.
მეოთხე
განქორწინების შემდეგ მამა გარკვეული დროით რეგულარულად სტუმრობს ბავშვს. ეს შეხვედრები, რაგინდ უცნაურად არ უნდა ჩანდეს, ბავშვისთვის ძალიან მძიმე ემოციური გამოცდილებაა.
თუ მამა ძალიან თბილად ექცევა მას, განქორწინება ბავშვისთვის კიდევ უფრო გაუგებარი და მტკივნეული ხდება. თუ მამა ცივი და დისტანციურია, ბავშვს შეიძლება დანაშაულის კომპლექსი გაუჩნდეს.
თუ მშობლები ერთმანეთზე შურისძიებას ცდილობენ, ისინი ბავშვის ცნობიერებას ავსებენ ერთმანეთის ცუდად ლაპარაკით და ამით ანგრევენ იმ ფსიქოლოგიურ საყრდენს, რომელსაც ბავშვი ნორმალურ ოჯახში იღებს. ასეთ დროს ბავშვმა შეიძლება მშობლების დაპირისპირებით ისარგებლოს და მანიპულაციაც დაიწყოს.
განქორწინებულ ოჯახებში გასათვალისწინებელი შემდეგი თანმდევი ფაქტორები:
- ბავშვს შეიძლება გაუფუჭდეს ურთიერთობა თანატოლებთან ჭორებისა და კითხვების გამო მამაზე; სადაა, რატომ არ აკითხავს მას სკოლაში, მართლა ჰყავს სხვა ცოლი? და ა.შ.
- მამის წასვლის შემდეგ სახლს აკლდება „მამაკაცის აღზრდის მოდელი“, რაც განსაკუთრებით ბიჭის აღზრდაზე მოქმედებს;
- გოგონას შემთხვევაში შეიძლება ჩამოუყალიბდეს დამახინჯებული წარმოდგენა მამაკაცებზე, დედის ცუდი გამოცდილების გავლენით;
- ბავშვზე ძლიერ მოქმედებს დედის ტანჯვა და სტრესი.
რა შეიძლება გაკეთდეს ბავშვის დასახმარებლად
- აუხსენით ბავშვს რა მოხდა – მარტივად და ისე, რომ არავინ დაადანაშაულოთ.
- დაარწმუნეთ, რომ მამას ის უყვარს და ოჯახის დაშორებები ხშირი მოვლენაა მსოფლიოს მასშტაბით.
- ბავშვი წინასწარ უნდა მოამზადოთ მამის წასვლისთვის რამდენადაც ეს შესაძლებელია. დაშორებისას სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარებისას, სიის სათავეში სწორედ ეს დააყენეთ.
- ეცადეთ ხშირად არ შეცვალოთ საცხოვრებელი ადგილი – ბავშვს სჭირდება ძველი მეგობრები.
- ოჯახის დანგრევის შემდეგ, ბავშვი მაშინვე არ გადაიყვანოთ სხვა სკოლაში.
- დაეხმარეთ დამოუკიდებლობის განვითარებაში.
- მიეცით ურთიერთობის შესაძლებლობა თანატოლებთან და სხვა მამაკაცებთან (სპორტი, სკოლა, ბანაკი, ფსიქოლოგი). ეცადეთ მასწავლებლადაც მამაკაცი შეურჩოთ.
- ასევე რეკომენდაციაა, რომ დედამ ხელახლა შექმნას ოჯახი, რადგან ბავშვს სჭირდება მამობრივი ფიგურა და დედა ვერ იქნება ერთდროულად დედაც და მამაც.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვს ცოლ-ქმრის დაშორების დროს ბავშვს სჭირდება, არის სტაბილურობა, სიმართლე და განცდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის არავის მიუტოვებია.