ლოცვისა და ეკლესიაში შესვლის შიში

ლოცვის შიში საკმაოდ საინტერესო ფსიქოლოგიური მოვლენაა და ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ჩანს. ეს ჩვეულებრივ რელიგიის შიში არ არის, ამ დროს გაცილებითუფრო ღრმა ფსიქოლოგიური მექანიზმები მუშაობს.

ლოცვის შიში – რა ხდება ამ დროს ფსიქოლოგიურად
როცა ადამიანს ლოცვის ეშინია, ხშირად მუშაობს ერთ-ერთი (ან რამდენიმე) მექანიზმი:

  1. დანაშაულის და შინაგანი უღირსობის განცდა
    ლოცვის წინ ადამიანი (შესაძლოა, გარეგნულად ის ძალიან ამპარტავანი და ცივი ჩანდეს) ფიქრობს:
    „მე ისეთი არ ვარ, რომ ვილოცო“
    „ცოდვილი ვარ“ “უვარგისი ვარ” (ეს ნაწილი უფრო ახლოსაა აღზრდის სტილთან)
    „ღმერთი გამიბრაზდება თუ გამოვჩნდები”
    „სწორად ვერ ვილოცებ და უარესი მოხდება“
    ეს არის შიდა კრიტიკოსი – შინაგანი ხმა, რომელიც მუდმივად აფასებს და აკრიტიკებს.
    ლოცვა ემსგავსება რაღაც გამოცდას, რომლის ჩაბარებისასაც შეიძლება ჩაიჭრა, რაც ბევრისთვის ძალიან მძიმე დისკომფორტია.
  2. ავტორიტეტის შიში
    ფსიქოლოგიაში ღმერთის აღქმა ხშირად უკავშირდება მშობლის ფიგურას, განსაკუთრებით მკაცრ მამას. ამაზე საინტერესოდ უწერია იუნგს და თემის ღრმად გაშლის მსურველებმა შეგიძლიათ გამომცემლობა “დიოგენეს” გამოცემული წიგნები “პასუხი იობს” და “ფსიქოლოგია და რელიგია” შეგიძლიათ ნახოთ.
    მოკლედ, თუ ადამიანს მკაცრი მამა ჰყავდა, ხშირად აკრიტიკებდნენ, შეცდომებზე მყისიერად სჯიდნენ, სულ არასწორი იყო, მაშინ მის ქვეცნობიერში ღმერთის მაკონტროლებელი, დამსჯელი, უკმაყოფილო, მკაცრი და საშიშია. ზოგისთვის ასეთ ღმერთთან მისვლა შიშს იწვევს და ლოცვა ფიზიკურ ტკივილამდე შეუძლებელია (ან აგდებით უყურებს ამ საკითხს და სხვებს დასცინის), ან მეორე უკიდურესობაში ვარდება და ლოცვა ერთგვარი “მოთაფვლის” მცდელობა ხდება და კომუნიკაცია პიროვნულ ღმერთთან დაკარგულია.
  3. კონტროლის დაკარგვის შიში
    ლოცვა თავისთავად ნიშნავს შეჩერებას “აქ და ახლა”, საკუთარ თავთან სრულიად მარტო დარჩენას, გულწრფელობას, თვითკონტროლის ნაწილობრივ დათმობას და სიჩუმესაც, რომლისაც არანაკლებ ეშინია ადამიანს, ვის თავშიც ათასი ფიქრი ტრიალებს.
    უამრავ ადამიანს სწორედ ასეთი სიჩუმე და საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენა აშინებს. ამიტომაც, ქაოსი, ხმაური, სოც ქსელები და საქმეში თავით ფეხებამდე გადაშვება უფრო ეიოლებათ, რადგან ლოცვა საკუთარ თავთან პირისპირ გაჩერება და სარკეში ჩახედვაა.
  4. ქვეცნობიერი შიში – „თუ ვილოცებ, რაღაც უნდა შევცვალო“
    ადამიანების მოზრდილ ნაწილს კი სინამდვილეში არაფრის შეცვლა უნდათ. არადა, ლოცვა ხომ რაღაც შემთხვევაში მლოცველისგან მოითხოვს ცვლილებას, მიტევებას, რაღაც ჩვევებზე უარის თქმას, სიმართლის აღიარებას, ცხოვრების შეცვლასაც კი. ასეთ დროს ლოცვისგან გაქცევა გაცილებით მომგებიანი ვარიანტია.
  5. ეგზისტენციური შიში
    ზოგჯერ ლოცვის დროს ადამიანს უჩნდება ღრმა და მტკივნეული კითხვები “ვინ ვარ?”, “რატომ ვცხოვრობ?”, რა არის სიკვდილი?”, “მართლა არსებობს თუ არა ღმერთი?”, “რა არის სიკეთე და რა ბოროტება?” და სხვა.
    ეს კითხვები ბევრისთვის შემაშფოთებელია, ამიტომ ფსიქიკა თავს იცავს და ლოცვას არიდებს თავს.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ლოცვის შიში, არც თუ ისე იშვიათად დანაშაულის გრძნობას, მკაცრი მამის ხატს, ავტორიტეტის შიშს, საკუთარ თავთან დარჩენის შიშს, ცვლილების, ღრმა შეკითხვების დასმისა და კონტროლის დაკარგვის შიშებთანაა კავშირში.

მსმენია აზრი, რომელსაც ზოგიერთი ფსიქოლოგი ავითარებს, რომ ადამიანს თავად ღმერთის კი არ ეშინია, ღმერთის არსებობის იდეა და ვარაუდი უფრო აფრთხობს, რადგან ასეთ დროს პასუხისმგებლობა მატულობს, საკუთარი თავის მოტყუება რთულდება, ჩვენი “ეგო მდგომარეობა” იძულებულია ზრდასრულის პოზიციაში ჩადგეს და ეს დიდი დისკომფორტია.

თითქმის იგივე მექანიზმი მუშაობს ისეთ უცნაურ ფენომენის შემთხვევაში, როგორც ეკლესიაში შესვლის შიშია.

ეკლესიაში შესვლის შიში (ან დისკომფორტი) ბევრ ადამიანს აქვს და ეს ყოველთვის რელიგიურობასთან არ არის დაკავშირებული. ხშირად ეს ფსიქოლოგიური და ემოციური მექანიზმების შედეგია.

რატომ ეშინია ადამიანს ეკლესიაში შესვლის

  1. შეფასების შიში
    ეკლესიაში ადამიანი ხშირად გრძნობს, რომ გარშემომყოფები რაღაცნაირად აკვირდებიან. ზოგმა არ იცის რა გააკეთოს, სად დადგეს, როგორ გადაიწეროს სწორად პირჯვარი (იგივე მექანიზმია ვთქვათ ინდუისტურ ან ბუდისტურ ტაძარში შესვლისას), ჰგონია, რომ წესებს დაარღვევს და გამოიწვევს წყრომას (ხშირად “თლა უფროსის”). ამ დროს ჩვეულებრივად მუშაობს “სოციალური შფოთვის” და საჯაროდ საუბრის შიშის მექანიზმები.
  2. დანაშაულის გრძნობა
    ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიზეზი ქვეცნობიერი ფიქრებია “ცოდვილი ვარ”, “აქ ჩემი ადგილი არაა”, “ცუდი რაღაცები მაქვს ჩადენილი და დავისჯები”, “სჯობს თვალში არავის მოვხვდე და გავაგრძელო ძველებურად”. ასეთ დროს, ბევრის ტვინში ეკლესია სასამართლოსთან უფრო ასოცირდება, ვიდრე სახლთან, ამიტომ განცდა აქვს, რომ იქ ამხელენ, შეაფასებენ, განსჯიან. ასეთ ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ მიტოვებულ ტაძარში მისვლა, ვიდრე ხალხმრავალ ადგილებში.
  3. მკაცრი ღმერთის ხატი
    ყველაფერთან ერთად, ბევრს ღმერთი წარმოუდგენია როგორც მკაცრი მოსამართლე, დამსჯელი, გაბრაზებული, მუდმივად შემფასებელი და თითის დამქნევი. სხვათაშორის, ეს დამოკიდებულება უფრო იმპერიული ეკლესიების წიაღში იყო ჩამოყალიბებული, საქართველოში, საკურთხეველში იშვიათად ან თითქმის ვერასოდეს ნახავთ ქრისტე პანტოკრატორის ხატს, რადგან მკაცრი ღმერთის იდეა, უფრო გვიანდელი უნდა იყოს.
    გარდა ამისა, მკაცრი ღმერთის ხატი, ხშირად ბავშვობიდან მოდის, როცა ხშირად გსაყვედურობდნენ, გაშინებდნენ “ღვთის სამართლით”, გყავდათ მკაცრი მშობელი ან მშობლის ჩამნაცვლებელი. სწორედ ამიტომ, ქვეცნობიერში მკაცრი ღვთის ხატი ილექება და ის მკაცრი მამის ხატის მატარებელია.
  4. სიჩუმის შიში
    აქაც, ლოცვისას არ იყოს, სიჩუმის შიშიც ფაქტორია. სიჩუმე კი ისევ და ისევ ფიქრებთან მარტო დარჩენას გვაიძულებს. საკუთარ თავთან შიშვლდები. სინდისი, შინაგანი ხმა იწყებს საუბარს და გეშინია, რადგან მკვდრეთით აღდგებიან ხოლმე დანაკარგები, დაუმთავრებელი პრობლემები, ბრაზი, სინანული, მარტოობის განცდა.
  5. ეგზისტენციური შიში
    ეკლესია ადამიანს ისეთ რამეებს ახსენებს, რაზე საუბარიც ხანდახან არც გვსიამოვნებს: სიკვდილი, დროის დინება, დაბერება, ცხოვრების აზრი, ღმერთი, პასუხისმგებლობა. ხატებიც თითქოს რაღაცაზე მიგვანიშნებენ, გვიყვებიან, აღწერენ სცენებს სახარებიდან, რაც სიორენ კირკეგორის თქმისა არ იყოს, არსებობის სიღრმესა და თავისუფლებაზე გვაიძულებს დაფიქრებას. ერიხ ფრომს თუ დავუჯერებთ, ადამიანი მიდრეკილია თავისუფლებას გაექცეს, რადგან ფსიქიკა ცდილობს თავი აარიდოს ნებისმიერ ტრანსფორმაციას.
    მოკლედ, ადამიანს ეკლესიის, როგორც შენობის კი არა, საკუთარი თავის ეშინია ამ სივრცეში. აქ ნიღბები ადვილად გვძვრება, ვერ იმალები, მარტო ხარ, გულწრფელობა გაიძულებს იყო ის, რაც ხარ, ფიქრების ხმა გესმის, სიჩუმეა და სინდისი თვალწინ გიდგება, რაც ბევრისთვის მტკივნეული მომენტია.