ავადმყოფობა ბავშვებში


ბავშვები სულაც არ არიან ისეთი სუსტი ჯანმრთელობის მქონე არსებები, როგორც ეს ზოგიერთ დედას ჰგონია, თუმცა უდავოა, რომ ისინი საკმაოდ მრავალი დაავადების მიმართ არიან მიდრეკილნი, რომელთაც ჩვეულებრივ „ბავშვურ დაავადებებს“ უწოდებენ.

თანამედროვე მედიცინამ შეძლო ამ დაავადებათა უმეტესობის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების მოძიება, ამიტომ დღეს შეგვიძლია შედარებით მშვიდად ვიცხოვროთ და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ჩვენი ბავშვი მათ გადალახავს. ბავშვთა დაავადებები ახლა ისეთი საშიში აღარ არის, როგორც ადრე იყო. ჩვენს დროში მათ უფრო უსიამოვნო ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობის სერიოზულ ნგრევას კი არ იწვევს, არამედ უფრო ხშირად მისი ფსიქიკური განვითარების დროებით შეფერხებას განაპირობებს.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ როდესაც ავადმყოფობის შემდეგ ბავშვი სკოლაში ბრუნდება, მას უფრო უჭირს ხელახალი ადაპტაცია, ვიდრე ადრე, შესაძლოა ამ პერიოდში კლასში ახალი მეგობრული ჯგუფები ჩამოყალიბდეს, რომელშიც საკუთარი ადგილი ვერ დაიმკვიდროს. კიდევ უფრო ცუდია, თუ ავადმყოფობის დროს ის ბევრად უფრო ინფანტილურად იქცევა, ვიდრე მანამდე იქცეოდა (ეს დასწავლილი ქცევაა, რომელშიც მშობლის ბრალეულობა საკმაოდ დიდია, რადგან მიაჩვია შვილი რომ ავადობის დროს ენის მოჩლექით უნდა ელაპარაკონ) ხშირად ის კარგი ჩვევებიც კი ქრება, რომლებიც მან წინა ხუთი ან ექვსი თვის განმავლობაში შეიძინა, და თითქოს ბავშვი ფსიქიკური განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე ბრუნდება.

ეს არის ავადმყოფობის ყველაზე თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მცირე ყურადღებას ვაქცევთ. ექიმის ვიზიტების, წამლებისა და საერთო ცუდად ყოფნის მიუხედავად, ბავშვს შეიძლება ავად ყოფნაც კი მოეწონოს, როგორც ეს ზოგჯერ უფროსებსაც მოსწონთ. ოჯახში, სადაც ბავშვი სითბოსა და ყურადღების ნაკლებობას განიცდის, ის ადვილად ხვდება, რომ ავადმყოფობა შეიძლება გამოიყენოს იმისთვის, რომ მშობლებისგან მეტი ყურადღება და სიყვარული მიიღოს.

ამიტომ ჩვენ, მშობლებმა, უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებმა სრულად ისწავლონ საკუთარი ჯანმრთელობის დაფასება და ავადმყოფობის მიმართ გონივრული გულგრილობა და გარკვეული მიუღებლობა განივითარონ.

რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი ავად ხდება

პირველი.
უპირველეს ყოვლისა, ბავშვს მეტი ყურადღება და სიყვარული უნდა ვაჩვენოთ.
უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ მის გვერდით.

მეორე.
უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ავადმყოფი ბავშვი შეიძლება უფრო ინფანტილურად იქცეოდეს, ვიდრე მაშინ, როცა ჯანმრთელი იყო. ამის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ და არ უნდა დავგმოთ მისი ქცევა.

მესამე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევაკავოთ საკუთარი ემოციური რეაქცია ბავშვის ქცევაზე.
თუ ბავშვს მაღალი სიცხე არ აქვს და ძლიერ ტკივილებს არ განიცდის, თქვენ უნდა მოიქცეთ მშვიდად, ჩვეულებრივად, ზედმეტი შეშფოთების გამოხატვის გარეშე.
არ უნდა შევუქმნათ მას შთაბეჭდილება, თითქოს მისი ავადმყოფობის გამო მთელი სამყარო ამოტრიალდა.
უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, თუ სიტუაცია კრიტიკული არ არის და არ გვაიძულებს ჩვეულებრივი საქმეების შეწყვეტას.

მეოთხე.
უნდა ვესაუბროთ ბავშვს იმ დროზე, როცა გამოჯანმრთელდება, როგორც სასიამოვნო და ბედნიერ პერიოდზე.
შეგვიძლია დავპირდეთ ბევრ საინტერესო საქმეს, რომელსაც ერთად გავაკეთებთ.
ასევე შეგვიძლია ვუთხრათ საჩუქრის შესახებაც, რომელსაც გამოჯანმრთელების შემდეგ მიიღებს ამ ბედნიერი მოვლენის აღსანიშნავად.

მეხუთე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ბავშვი უსაქმოდ არ დარჩეს.
უნდა დავაკავოთ ისეთი საქმიანობით, რომლის შესრულებასაც დამოუკიდებლად შეძლებს. მაგალითად, შეგვიძლია ერთად დავიწყოთ ნახატების გაფერადება, შემდეგ კი ვთხოვოთ, რომ თავად დაასრულოს და ვუთხრათ, რომ გაგვიხარდება, თუ ამას შეძლებს.

მეექვსე.
უნდა შევზღუდოთ რადიოსა და ტელევიზორის ყურება. ასევე გაჯეტები და ტელეფონი.
მართალია, ისინი ბავშვის თავისუფალ დროს შეავსებენ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ძალიან კომფორტული გართობის ფორმაა და, სამწუხაროდ, აყალიბებს ჩვევებს, რომლებიც ბავშვს გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება.
ბუნებრივია, ავადმყოფობის დროს ბავშვი მოწყენილია.

მეშვიდე.
უნდა მოვუყვეთ მას ბევრი კონკრეტული დეტალით, რას აკეთებენ მისი მეგობრები, რათა მას გაუჩნდეს სურვილი, რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მათ.

მერვე.
არ უნდა ვილაპარაკოთ ზედმეტად ბევრი, როდესაც წამლის მიღებაზე ვარწმუნებთ.
უნდა ვიყოთ ნაზი, მაგრამ მტკიცე. რაც უფრო გადამწყვეტად მოვიქცევით წამლის მიცემის დროს, მით ნაკლებად იჭირვეულებს ბავშვი.

მეცხრე.
როდესაც ის საბოლოოდ შეძლებს საწოლიდან ადგომას, უნდა აღვნიშნოთ, რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდა, რამდენად ძლიერი ორგანიზმი აქვს და როგორ მარტივად გაუმკლავდა ავადმყოფობას.

საბოლოო ჯამში, ბავშვის ქცევა ავადმყოფობის დროს ასახავს მის ზოგად ცხოვრებისეულ ქცევასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
ბედნიერი ბავშვი, როგორც წესი, კარგად იქცევა მაშინაც კი, როცა ავად არის.
ბავშვი კი, რომელსაც გარშემომყოფებთან დაძაბული ურთიერთობები აქვს და თავს მიტოვებულად, უსიყვარულოდ, დაჩაგრულად და უბედურად გრძნობს, ავადმყოფობის დროს უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს.

უფრო მეტიც, ასეთმა ბავშვმა შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა და ეცადოს, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ავადმყოფის როლში. მსგავსი ტენდენცია უფროსებშიც გვხვდება.

თუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავადმყოფ ბავშვთან ურთიერთობისას შეცდომები არ დავუშვათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სწორი ქცევა მაშინ, როცა ბავშვი ჯანმრთელია.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აზრს: ყველაფერი, რასაც ჩვენ ბავშვებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ვაკეთებთ, კარგ შედეგს მოიტანს იქაც კი, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ველით.

ფრომი