ბებია და პაპა

ბებია და პაპა დიდი პრივილეგიით სარგებლობენ. მათ უფლება აქვთ, რამდენიც უნდათ იმდენი სიყვარული მისცენ შვილიშვილებს და მონაწილეობა მიიღონ მათ ყველა თამაშსა და გართობაში, მაგრამ როგორც წესი, მათ არ უწევთ ძალების დახარჯვა მათი მოვლისა და ყოველდღიური ზრუნვისთვის, ყოველ შემთხვევაში, ისე არა, როგორც მშობლებს.

მათ მოხსნილი აქვთ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, იგულისხმება სიტუაცია, როცა ბებია და პაპა ახალგაზრდა ოჯახისგან ცალკე ცხოვრობენ. ასეთ ვითარებებში, დიდი მშობლები იმ არასასიამოვნო ჩხუბებს, კამათს, დაძაბულობას ვერ ხედავენ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ოჯახში გვხვდება, ამიტომ ისინი შვილიშვილებთან ურთიერთობაში მხოლოდ პოზიტიურ ნაწილთან აქვთ შეხება და ისინიც გიჟდებიან შვილიშვილებზეც და შვილიშვილებიც განსაკუთრებულად ექცევიან მათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბებიად და პაპად ყოფნა, მშობლობისგან განსხვავებით, ჰგავს რესტორანში სადილობას სახლში საჭმლის მომზადების ნაცვლად – შენ უნდა ისიამოვნო იმით, რაც მენიუშია, მაგრამ ჭურჭელი სხვისი დასარეცხია და გარდა ამისა, ადრე თუ გვიან რომელიმე სტუმარი მომსახურებით უკმაყოფილებას მაინც გამოხატავს.

საჩივრები, რა თქმა უნდა, მიმართულია „ადგილობრივი ადმინისტრაციისადმი“, ამ შემთხვევაში – მშობლებისადმი. კონფლიქტები ყველაზე ხშირად ჩნდება არა ბებია-პაპასა და შვილიშვილებს შორის, არამედ უფროს და ახალგაზრდა მშობლებს შორის, ანუ მათთან, ვინც თავისი კონფლიქტი ნაწილობრივ გაიარა. ამის ძირითადი მიზეზებია ის, რომ ბებია და პაპა ბავშვებს ისე არ ეპყრობიან, როგორც მშობლები.
და ასევე არსებობს უთანხმოების მიზეზები თავად ახალგაზრდა მშობლებს შორის ან მათსა და ბებია-პაპას შორის (ბევრი ძველი ტრავმა დასამუშავებელია, წყენები გადასაღეჭი).

პირველი მიზეზი გასაგებია – ეს იმით აიხსნება, რაც ზემოთ ითქვა.
მეორე მიზეზს უფრო ღრმა ფესვები აქვს.

იდეალურ შემთხვევაში მშობლები პირველ რიგში ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული ადამიანები უნდა იყვნენ, მაგრამ სწორედ ეს აკლიათ ხშირად ახალგაზრდა მეუღლეებს, რადგან მათ ჯერ არ უსწავლიათ საკუთარი მშობლებთან მშვიდობიანად ცხოვრება. როდესაც ახალგაზრდა ქალი გადაწყვეტს, რომ საკუთარ შვილებთან არ გაიმეოროს ის შეცდომები, რომლებიც მისმა მშობლებმა დაუშვეს მის მიმართ, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ეს განზრახვა, საფრთხე მაინც რჩება. პირველ რიგში, ასეთი მიდგომა ხშირად ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქალს ჯერ კიდევ სტკივა ბევრი ფსიქოლოგიური ჭრილობა, რომელსაც ის მშობლებს აბრალებს და ამიტომ ყოველთვის მზადაა მათი რჩევების საწინააღმდეგოდ წავიდეს, თუნდაც ეს არჩევანი და რჩევა გონივრული იყოს. ხშირად იგი იძულებულია მშობლები ჩათვალოს ჩამორჩენილ ადამიანებად, რომლებიც ძველებურად ცხოვრობენ და ვერ ცვლიან ჩვევებსა და შეხედულებებს.

მსგავსი აზრები და დამოკიდებულებები, ახალგაზრდა მშობელს  არ ეხმარება მშვიდად აღზარდოს შვილები, რადგან ახალგაზრდა დედა და მამაც, ხშირად ხდებიან დანაშაულის გრძნობის მსხვერპლი – საკუთარი ქვეცნობიერი მტრობის გამო მშობლების აღზრდის სტილთან, ასევე საკუთარი არასრულფასოვნების გამო, იმ შეცდომების დანახვისას, რაც ბავშვის აღზრდის პროცესში მოსდით. სირთულეები, რა თქმა უნდა, იზრდება მაშინაც, როცა ყველაფერს ემატება სხვა ოჯახური სისტემის შემოსვლა ოჯახში. რძლის ურთიერთობების დალაგების პრობლემები დედამთილთან და სიდედრის ჭარბი ჩარევა ოჯახში, რაც სიძეს აღიზიანებს.

თან თუ დედამთილი და რძალი ცოტა ეჭვიანობენ ერთმანეთზე – შვილსა და ქმარზე, ახალგაზრდა ქალი, როგორც წესი, კიდევ უფრო მტრულად ხვდება ქმრის დედის ნებისმიერ ჩარევას. ყველაზე უწყინარი რჩევებიც კი ბავშვის სასარგებლოდ მას მაშინვე ეჩვენება როგორც მცდელობა, გაუსვას ხაზი მის უუნარობასა და გამოუცდელობას. ამიტომ ის ხმამაღლა ან უჩუმრად მუდმივად ადანაშაულებს დედამთილს, თითქოს მას მისი ავტორიტეტის შერყევა სურს, ან ჩამორჩენილია, ან ბავშვს ზედმეტად ანებივრებს, ან პირიქით – ზედმეტად მკაცრია.

ერთი რამ უდავოა: თუ ახალგაზრდა დედა დედამთილთან შეთანხმებას ვერ პოულობს, რაც უნდა გააკეთოს მან ბავშვისთვის, საბოლოოდ არაფერი გამოვა ბავშვის სასარგებლოდ.

როგორც უფროსი, ისე ახალგაზრდა მშობლები ხშირად ბავშვის მოვლისა და აღზრდის მეთოდებზე უთანხმოებას იყენებენ ერთმანეთთან „შიდა ომის“ მიზეზად. ასეთი პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა ზოგჯერ მისი საერთოდ იგნორირებაა. ან საჭიროა გაიზარდონ ისინი, ვინც მშობლები გახდნენ, მაგრამ რეალურად ჯერ არ გაზრდილან ამ როლისთვის.

ახალგაზრდა მშობლები არ მიიღებენ არც ერთ რჩევას და არ შეცვლიან საკუთარ ქცევასა და ჩვევებს მანამდე, სანამ ამ მხრივ საკმარისად მომწიფებულები არ გახდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, თავიდანვე უმჯობესია დაიცვან კარგი წესი – იცხოვრონ მშობლებისგან ცალკე.
ორი თაობა  ეს კომპანიაა, სამი თაობა  უკვე ბრბოა.

ბებია და პაპა ბავშვის ცხოვრებაში უნდა შევიდნენ როგორც რაღაც განსაკუთრებული, სადღესასწაულო. მათი ურთიერთობის საფუძველი შვილიშვილთან უნდა იყოს გართობა და დასვენება. როგორც კი ბებია და პაპა აქტიურად იწყებენ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, ისინი საქმეს ართულებენ, ხოლო ბავშვი იბნევა, რადგან მისთვის ახალი ავტორიტეტები ჩნდება. ამიტომ ზომიერების გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი თვისებაა ბებიისა და პაპისთვის. მათ ხელი უნდა შეუწყონ ბავშვში გამოავლინონ ის თვისებები, რასაც მისგან მშობლები ელიან. საკუთარ თავზე უნდა აიღონ ბავშვის ემოციური გაძლიერების, მასში “გამარჯვების მუხტის” აკუმულირება და ყველა სადავო საკითხის გადაწყვეტა მშობლებს დაუტოვონ. როცა მშობლები ამას დარწმუნდებიან, ისინი უფრო მშვიდად ანდობენ ბავშვს ბებიასა და პაპას, და საბოლოოდ ყველა ბედნიერი იქნება.

თუმცა ზოგჯერ ახალგაზრდა მამას ან დედას უწევს საკმაოდ მკაცრად გააპროტესტოს, როგორ უვლიან ბებია და პაპა მათ შვილს და როგორ ზრდიან მას, მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ ბებია და პაპა ბავშვს ვერ გადააკეთებენ, განსაკუთრებით თუ ცალკე ცხოვრობენ. მაქსიმუმ – მხოლოდ ირიბი გავლენა ექნებათ. ხოლო ის უსიამოვნებები, რომლებიც მშობლებს ამ შიშების გამო უჩნდებათ, ძალიან დიდია.

იმისთვის, რომ ეს პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანოთ, გონივრული იქნებოდა თავიდანვე არ დავეყრდნოთ ბებიისა და პაპის დახმარებას ბავშვის აღზრდაში. უკეთესია დროდადრო დავპატიჟოთ ისინი შვილიშვილის სანახავად, მასთან სათამაშოდ და გასახარებლად, და არ მივანდოთ მათ ძიძის ან გუვერნანტის როლი. რამდენიმე წლის შემდეგ ბებია და პაპაც ძალიან ბედნიერები იქნებიან, რომ მათი ურთიერთობა შვილიშვილთან სწორედ ასე ჩამოყალიბდება.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბებია და პაპა, როგორი ლმობიერებიც და გულუხვებიც არ უნდა იყვნენ თქვენი ბავშვის მიმართ, მას ზიანს არ მიაყენებენ. პირიქით, ისინი გაუმყარებენ მას საკუთარ თავში რწმენას იმ შეგრძნებით, რომ მას ჰყავს ორი საკუთარი „თოვლის პაპა“. შეიძლება ზოგჯერ საჭირო იყოს ბებია-პაპის ზედმეტი გულუხვობის შეკავება, რომ ძალიან არ გაანებივრონ შვილიშვილები, მაგრამ მთლიანობაში ეს შეშფოთების მიზეზი არ არის. რაც ნაკლებად ვინერვიულებთ ამაზე, მით უფრო მეტად გავიხარებთ ჩვენი ოჯახის სითბოთი და სიმყარით.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხშირად, ბებიები და პაპები საკუთარ შვილებთან დაშვებულ შეცდომებს, სწორედ შვილიშვილებთან ასწორებენ ხოლმე და მშობლების საუკეთესო მეკავშირეები არიან ამ მხრივ.

ფრომი