ყველაწმინდა-ალავერდი-კვეტერა
60,00 ₾
არ არის მარაგში
აღწერა
🌄 გამორჩეულ კახეთში გეპატიჟებით 🍇🍷
⛪ გურჯაანის ყველაწმინდა
⛪ ალავერდის მონასტერი
⛪ კვეტერა
რამდენნაირი ლეგენდა მოგისმენიათ გურჯაანის ორგუმბათოვან ეკლესიაზე?
რძეგამშრალი დედების მკურნალიო, უშვილოთა შემწეო, ერთადერთი ადგილი, სადაც ღორი, როგორც შესაწირი იკვლებოდაო.
გურჯაანის ყველაწმინდა, ნოვატორული ძეგლია. როდესაც არქიტექტორი ამ დახვეწილ ტაძარს აპროექტებდა, სავარაუდოდ, თავისი დროის ყველაზე თანამედროვე ტენდენციებს შესანიშნავად იცნობდა.
ყველაწმინდა VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი გარდამავალ ხანას მიეკუთვნება, როდესაც არქიტექტურის კლასიკური ფორმები ირღვევა და იწყება ახალი გზების ძიება. ეს პერიოდი გამოირჩევა სტილისტური მრავალფეროვნებითა და თავისებურებებით. სწორედ ამ კონტექსტში გურჯაანის ყველაწმინდა წარმოადგენს სრულიად გამორჩეულ და უნიკალურ ნიმუშს – ერთადერთს, რომელსაც ორი გუმბათი აქვს.
რატომ დაადგა გურჯაანელმა ხუროთმოძღვარმა ორი გუმბათი, ამაზე ადგილზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
🎓 ჩვენი ლექტორი, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე მსოფლიოში გამორჩეულ ამ შესანიშნავ ტაძარს ძირფესვიანად გაგაცნობთ. ეს ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა და უნდა ვიცნობდეთ.
შემდეგი გაჩერება ⛪ ალავერდის მონასტერია.
ცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის აშენებული ეს ტაძარი, ადრეულფეოდალურ ხანაში კახეთის სამეფოს სიდიადის ნიშნად გადააკეთეს და სამეფო ტაძრად აქციეს.
ალავერდელი ხუროთმოძღვარი კარგად იცნობდა ქართული არქიტექტურის თავისებურებებს და შექმნა გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ნიმუში. ყელმოღერებული ტრიკონქი ალაზნის ველზეა აღმართული და საერთო იერსახეში ორგანულად ეწერება. მისი მაღალყელიანი გუმბათი კი იმ ზესწრაფულ ხასიათს გამოხატავს, რომელსაც ხშირად ვახსენებთ ზოგადქართული ხელოვნების კონტექსტში.
ალავერდი, სხვა დიდებული სამეფო ტაძრებისგან განსხვავებით, უფრო მკაცრი და ჩაკეტილია, თითქოს სიმბოლურად იმდროინდელი ქვეყნის ხასიათს გამოხატავს. სამარხები, მარნები, სატრაპეზო, აბანოები – აქ სიცოცხლე დუღდა. აქ თავისი დროის ფეოდალები ჯვარს იწერდნენ, შვილებს ნათლავდნენ, აქ იკურთხებოდნენ მეფეებიც.
შემდეგი გაჩერება ⛪ კვეტერაა.
კომპლექსის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს X საუკუნის ტეტრაკონქი, რომლის შაბიამნისფერი მოჭიქული კრამიტი ნაგებობას გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობას ანიჭებს და თავს არასდროს დაგავიწყებს.
ტაძარი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ზედსართავი სახელი – იდეალური. კვეტერა საქართველოსავით პატარა და ლამაზია. თითქოს უბრალო, მარტივი და გენიალური. დიდოსტატმა მწერალმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, ალბათ შემთხვევით არ დაუკავშირა დაუვიწყარი პერსონაჟი, შორენა კოლონკელიძე კვეტერას ციხეს, აქაური ერისთავის თალაგვას უმშვენიერესი ქალიშვილი თავთუხისფერი კულულებით, ისრიმისფერი თვალებითა და სპილოსძვილსფერი სხეულით თითქოს ის აღწერაა, რომელიც ამ ულამაზეს ტაძარს ვერ შეკადრა მწერალმა და აქაური, ხასიათიანი პერსონაჟი აღგვიწერა.
🍽️ ჩვენი მოგზაურობას (ჯგუფის სურვილის შემთხვევაში) კახური, ტრადიციული ვახშმით დაგვირგვინდება.
ბარაქიანად დაჭრილი კიტრი-პომიდვრის სალათა, ნაჩვრეტებიანი, მარილიანი ყველი, წალამზე შემწვარი ახალდაკლული ჩალაღაჯის მწვადი და დედას პურები. ღვინო ოდნავ მძიმე, ტანინიანი, ჭაჭის არაყი აპერეტივად, ხასიათის მოსაკეთებლად. ჯანდაბას, იყოს ხაშლამაც, ყველაზე გამოცდილები შემოტანისას, კართანვე რომ თვალით დაიბევებენ საუკეთესო ნაჭერს. “შაიტა-გაიტა” ნიგვზიან ბადრიჯნებს და სხვა “ბალახეულობას” აღარ ვთვლით. კახეთს დალოცვა უხდება. 🍷
💰 მოგზაურობის საფასური 60 ლარიდან იწყება (ბოლო რიგი სამარშრუტოში)
✔️ ფასში შედის მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔️ 500 მლ წყალი
✔️ ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძის ლექცია
❗ წინასწარი ჯავშანი აუცილებელია
❗ გადახდილი საფასური არ ბრუნდება თქვენი მხრიდან ვერწამოსვლის შემთხვევაში
❗ საფასურში არ შედის რესტორანში ვახშამი და სასმელი
📍 შეკრების ადგილი: ველოქანდაკება
📅 26 აპრილი, კვირა
⏰ 09:00
გელოდებით კახეთში! 🍇🍷🌄
