დაშლილი პიროვნება – სოფო ჩიქოვანი “ნივთების სამოთხეზე”

ნივთების სამოთხე

,,…მთელი ჩემი ბავშვობა შედგება სულ რამდენიმე წერტილისგან, რომლებიც ერთმანეთთან რაღაც უხილავ კავშირში იყო და ამ წერტილებს შორის ხაზების  სწორად გავლებამ შემქნმა იმად, ვინც ვარ.  …ეს წერტილები კი შორიდან თითქოს ისეთი არაფერი ჩანს, მართლაც წერტილებია, მაგრამ ყველაფერი რაღაც წერტილებიდან იწყება და რაღაც წერტილამდე მიდის“.

,,ნივთების სამოთხეს“ ამბავზე მეტად განცდა შემოაქვს, ტექსტის კითხვისას მთელი არსებით შეიგრძნობ ფსიქოლოგიური ტრავმის, იდენტობის ნგრევის, სისტემური ძალადობის სიმძიმეს.

რომანი თითქოს გამოცდას გვიწყობს, ჩვენს მოთმინებას ცდის, რამდენად გავუძლებთ ტექსტს. მწერალი, პერსონაჟი, თხრობა, რამდენიმე ავტორის ხმა… გაურკვეველია ვინ ვის წერს, ავტორი საკუთარ ტექსტში იკარგება, მწერლისა და პერსონაჟის რეალობასა და ფანტაზიას შორის ზღვარი მოშლილია. ვიბნევით… ეს დაბნეულობა ნაწარმოების სტრატეგიის ნაწილია, ღირსებაა და არა ნაკლი, რადგან ის არ იძლევა მზა მნიშვნელობებს და ინტერპრეტაციებს, რაც მაღალი ხარისხის ლიტერატურის მთავარი თვისებაა. აკი, თავად ერთ-ერთი ავტორიც გვიყვება  მკითხველთა ტიპზე,  წიგნის შექმნის პროცესში რომ მონაწილეობენ, სტრიქონებს შორის ჩამალული ინფორმაციის ამოკითხვას რომ იწყებენ და თავადვე აგრძელებენ ქმნას. თავის მხრივ პერსონაჟებიც სულმოუთქმელად ელიან ამგვარ მკითხველს, რათა მათში დასახლდნენ და განაგრძონ არსებობა. ნამდვილი მკითხველისთვის წიგნის ბოლო წინადადება დასაწყისად იქცევა ხოლმე, ახალი ამბის დასაწყისად.

,,ნივთების სამოთხე“ ერთგვარი პროექციული მეთოდად, ლიტერატურულ TAT  (თემატური აპერცეფციის ტესტად) წარმომიდგენია, სადაც მკითხველი იძულებულია თავად შეავსოს ცარიელი ადგილები და ის, თუ როგორ ვირეაგირებთ, გაცილებით უფრო მეტს იტყვის ჩვენზე, ვიდრე ჩვენი მოსაზრებები და მორალური შეფასებები სხვადასხვა ამბებზე, რთულ და წინააღმდეგობრივ, ზიზღის და ბრაზისმომგვრელ,  საშიშ  თუ არაეთიკურ და არაესთეტიურ მომენტებზე.

წიგნის ავტორი მკითხველს ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს სთავაზობს, სადაც პერსონაჟთან ერთად მკითხველიც კარგავს უსაფრთხო პოზიციას, დამკვირვებლის კომფორტულ როლს და ერთვება პროცესში.

 საბა თავად პროცესია ცალკეული წერტილებს, ფრაგმენტებსა და ეპიზოდებს შორის გავლებული სწორი ხაზებით შექმნილი მყიფე კავშირი, ერთიან ბიოგრაფიად ვერგაერთიანებული მოცემულობა.

საბას მსგავსად, ჩვენი ცხოვრებაც რამდენიმე წერტილს შორის გავლებული კავშირებია, წინასწარგანსაზღვრულ გარემოში დაბადება მთელ ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე ახდნს გავლენას და თავისუფლება იმთავითვე გვეზღუდება.   

რომანში სისტმა არ მოქმედებს პირდაპირი იძულებით. იგი უფრო დახვეწილი ტექნიკებით მუშაობს-აყალიბებს სურვილებს, გვარწმუნებს, რომ, ის რაც გვინდა, სინამდვილეში, ჩვენი არჩევანია. ადამიანი სისტემის ლოგიკით ფიქრობს და მისი სურვილებიც ამ ლოგიკითაა განსაზღვრული(რეკლამა, საინფორმაციო გამოშვებები, საზოგადოებრივი აზრი…).

ჩვენ ყველა სისტემის ნაწილად ვიბადებით, რომელიც თავად გვკარნახობს სურვილებს, ჯერარმომხდარი უბედურების შიშით გვმართავს და გარკვეულ ჯგუფებში მიღებულობის დაკარგვითაც გვემუქრება თუ დასჭირდა.

 საბასთვის ღმერთიც კანონის, წესრიგის, მორჩილების სიმბოლოა და არა ნუგეში, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება მას. გრძნობადაკარგული და უემოციოა, შეცოდება სისუსტის გამოვლინებად მიუჩნევია.  ეს ყველაფერი მისი ცხოვრების პირველ და უმთავრს წრტილს უკავშირდება – უდედობას და მიტოვებაა. საბას პიროვნების დაშლის სათავეში დგას დედის ფიგურა, ეს არის უარყოფის ტრავმა, ქალი საბასთვის არაა მზრუნველი სუბიექტი, ის სხეულია, რომელიც ტოვებს. ამ ტრავმის განზოგადებაა საბას დამოკიდებულება ქალებისადმი, სიყვარულისადმი. ბავშვი კი არა სიცოცლხის გაგრძელება, არამედ საფრთხეა, რომელიც მუდმივად ახსნებს საკუთარ დაუცველობას.

აბორტების მოტივი, ემბრიონის სიზმარი და საბოლოოდ უხელფეხო ბავშვის დაბადება მისი ტრავმის ლოგიკური განვითარებაა.

ძმობილი თეოფილე(ღვთისმოყვარე) ,,სულელი“, ზუსტად იმ დროს ისეთ თემებზე უწყებს საუბარს, რომელიც საბას(მნიშვნნ. თავისუფლებასმოკლებული, 1812 საბაობაა, თითქოს თარიღმა განუსაზღვრა სახელი და მნიშვნელობა) თეოფილე თითქოს მისი სინდისის ხმაა, მისი მტანჯველი(საბოლოოდ ფსიქიატრიულში ხვდება); 

 საბა მუდმივად ცდილობს გააკონტროლოს ის, რაც ერთხელ ვერ გააკონტროლა-საკუთარი დაბადება, სიცოცხლის მოსპობა მისთვის ძალაუფლების ილუზიაა. ბოლოს, უკვე თითქმის ნივთად ქცეულს და გრძნობისგან დაცლილს ფეხმძიმე იოვანინას ბედი აწუხებს – მის მიმართ პატივისცემის გრძნობა უჩნდება, ქალზე, რომელმაც სიცოცხლე დათმო შვილისთვის. უხელფხო ბავშვი კი საბას შინაგანი დასახიჩრებული ბავშვის დაბადებაა.

სიმბოლურია, რომ მეხსიერების სრული გაქრობის შემდეგ საბას გონებაში  გაიელვებს ხოლმე მხოლოდ ერთი ხატი -ახალგაზრდა ქალი ჩვილით ხელში. ეს არაა მოგონება, რადგან მსგავსი გამოცდილება მას არ ჰქონია. ქალს სხვა ბავშვი უჭირავს, რაც კიდევ უფრო ტრაგიკულია და კიდევ უფრო ამძაფრებს ჩანაცვლების და არასასურველობის განცდას. აღსასრულამდე მისული საბას ცნობიერება იმ პირველ საწყისს მიუბრუნდა, სადაც შეეძლო სიყვარული ჰქონოდა, მაგრამ ვერ მიიღო.

Harrowgate  -ხსნა თუ ტანჯვის კარიბჭე?

სამოთხეში მოხვედრის დაჟინებული სურვილი,  დაცული და უსაფრთხო მდგომარეობისკენ სწრაფვაა. სამოთხე  90-იანი წლების ტრავმაგამოვლილი ადამიანისთვის  ის სივრცეა, სადაც ტკივილი, გაურკვევლობა და პასუხისმგებლობა არაა. მაგრამ სამოთხეში ადგილები აღარაა ადამიანებისთვის, იქ ისინი მოხვდნენ ვისაც მამებმა უკვე ასწავლეს იქ მოხვდერის გზები, სამოთხე გადაივსო და ახლა იქ მხოლოდ ნივთებისთვისაა ადგილი. სამოთხეში მოხვედრა ადამიანობისგან გათავისუფლებას მოითხოვს -,,ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ დავთმო ჩემი ადამიანობა სამოთხეში მოსახვედრად“, როგორ და  რა გზებით უნდა მიაღწიოს აღთქმულ ადგილს?! სამოთხე თავშესაფარია გადაღლილი ადამიანისთვის, რომელიც მზადაა დათმოს თავისი ინდივიდუალობა, ოღონდ კი იქ მოხვდეს.

თუ 90-იანები საქართველოს მოსახლეობისთვის კოლექტიური ტრავმის პერიოდი იყო და ადამიანს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდა, დღეს სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ სრულიად კაცობრიობა -სისტემა შიმშილით და განადგურებით არ გვემუქრება, მაგრამ ჩვენ საინტერესონი ვართ ჩვენი ფუნქციის, როლისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, ჩვენი ინდივიდუალიზმსკი სისტემა ებრძვის ძალიან დახვეწილად, ადამიანი ჭანჭიკია, აუცილებელი დეტალი, მაგრამ სრულად ჩანაცვლებადი.

ეს ეპოქა ნივთების გაღმერთებისაცაა, მომხმარებლური კულტურა ადამიანის დაკნინებას და ნივთებით მისი სურვილების მანიპულაციას აძლიერებს და სრულიად მოიცავს მას.

ამ თვალსაზრისით, ,,ნივთების სამოთხე“ ტრაგიკულად თანამედროვე ნაწარმოებია, არა 90-იანებგამოვლილი ქართველის, ყველა თანამედროვე ადამიანის ტკივილს ეხება. ადამიანს რომელიც ნებით თანხმდება განივთებაზე ოღონდ კი შეიმციროს შფოთვა, შიში, მარცხის განცდა, იყოს მიკუთვნებული. განსხვავებულობა ტვირთია, სტანდარტიზაცია კი უსაფრთხოების ილუზია.

Harrowgate კი არც ხსნაა და არც ტანჯვა, არამედ გარდამავალი სივრცე, სადაც ადამიანი წყვეტს, დარჩეს სუბიექტად, თუ საბოლოოდ დანებდეს და გადაიქცეს ნივთად.

რომანის მთავარი ეთიკური ღერძი სწორედ პასუხისმგებლობის გააზრებაა – ადამიანი ყოველთვის დგას არჩევანის წინაშე, პასუხისმგბლობა გვქმნის იმად, ვინც ვართ. ადამიანს ყოველთვის შეუძლია თავად გადაწყვიტოს იყოს ტკივილის გამტარი თუ მისი გარდამქნმელი. ნაწარმოების დასაწყისში, საბა თავადვე აღიარებს რომ გადაწყვეტილების მიღების უუნარობა ყველაზე მტკივნეული თვისებაა.

მართალია, ამ რომანში გმირი არ იზრდება,  პირიქით, სახეზე გვაქვს სრული დეჰუმანიზაცია, საბეჭდ მანქანად ანუ ფუნქციად ქცევა და სისტემის  გამარჯვება, თან ისე, თითქოს ეს  საბას პირადი არჩევანი იყო, ამაშია ადამიანური ტრაგიზმი. მაგრამ როგორც ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის აქტიური მონაწილე, მკითხველი იზრდება და ტრანსფორმირდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკითხველი ტრანსფორმირდება არა თანაგრძნობის, არამედ სხეულებრივი განცდის, საბას ტკივილის სრული გაზიარების გზით, რაც ყველაზე მძლავრი გარდაქმნაა.

საბა რესურსად,  საბეჭდ მანქანად  იქცა ახალმოსახლე გოგონასთვის, რომელიც მომავალში მწერალი გახდება, მას არ უყვარს მამა და ის ამაზე დაწერს – ვფიქრობ, მამის სიძულვილი სიმბოლურად ასახავს სისტემის, ავტორიტეტის სიძულვილს და ამ ყველაფერს გოგონა(საბასთვის საძულველი სქესი)დაუპირისპირდება არა ძალადობრივად, არა თვითგანადგურებით, არამედ წერით, საბა კი ამ ყველაფრის რესურსი იქნება…

საბოლოო ჯამში, ფინალი  ოპტიმისტურია, რადგან ამბავი აქ არ მთავრდება,  პროცესი გრძელდება, არჩევანი შესაძლებლობა კი ისევ ადამიანის  ხელშია.

სოფო ჩიქოვანი