ვიეტნამი კამბოჯა 2027 წლის იანვარი
5 032,00 ₾
აღწერა
პროგრამა 12 დღე / 11 ღამე (2027 წლის იანვარი)
ვიეტნამი – კამბოჯა
ჰანოი – ნინ ბინი – ჰა ლონგი – და ნანგი – ჰოი ანი – ჰო ჩი მინი – სიემ რიპი
❗❗❗ თავისუფალია მხოლოდ 4 ადგილი ❗❗❗
➡️🇻🇳 დღე 1 – ჩაფრენა ჰანოიში – ქალაქის ტური (-/L/D)
ჩვენი ვიეტნამელი მასპინძელი ნოი ბაის საერთაშორისო აეროპორტში დაგვხვდება და სასტუმრომდე მიგვაცილებს.
აზიაში დახვედრის რიტუალი განსაკუთრებულია.
ვიეტნამი კი თავად აზიისგანაც განსხვავდება. აქ ხომ კომუნიზმის აჩრდილი არასოდეს ყოფილა აჩრდილი, აქ მარქსიზმ-ლენინიზმისა და ჰო ში მინის იდეებზე იზრდებოდნენ თაობები და ჩვენც, სწორედ ასეთ ქვეყანაშ ჩამოვედით სამოგზაუროდ.
ბარგის დატოვების შემდეგ ჰანოის დათვალიერებას დავიწყებთ.
ვიეტნამელებს ძალიან მოსწონთ, როდესაც სტუმრები თავდაპირველად ჰოან კიემის ტბაზე მიჰყავთ. ამ ქვეყანაში ტბა, წყალი და არაამქვეყნიური სილამაზე არავის უკვირს, უბრალოდ, ამ კონკრეტულ ტბას თავისი ლეგენდა აქვს და ადგილობრივებისთვის გამორჩეულია. „სულის ტბას“ ან როგორც მას „დაბრუნებული მახვილის“ ტბას უწოდებენ, თავისი ლეგენდა უკავშირდება. აქ, იმპერატორმა ლე როიმ ჯადოსნური მახვილი მიიღო, როგორც მტერზე გამარჯვების სიმბოლო. ვიეტნამელებისთვის ეს ადგილი ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმის დარი ლეგენდაა და სწამთ, რომ დღემდე, სწორედ ამ ტბის ძირში ინახება ეს მახვილი და საჭიროების დროს, ის ახალ პატრონს კვლავაც იპოვის.
ტბაზე რამდენიმე კუნძულია და ამ კუნძულებზე ვნახავთ
✅ Ngoc Son ტაძარს, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია ტრადიციასთან და კულტურასთან;
✅ The Huc Bridge- ლამაზ წითელ ხიდს, რომელიც აკავშირებს ნაპირს ტაძართან და წარმოადგენს ლამაზი ფოტოების მოყვარულთათვის ერთ-ერთ ფავორიტ ადგილს;
✅Turtle Tower (Tháp Rùa) – პატარა კოშკი ტბის ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაცხადებული სიმბოლოა ჰანოისა და მთლიანი ქვეყნისთვის.
მართალია ნამგზავრები ვართ, მაგრამ ჯეტ ლეგთან გასამკლავებლად დღეს გვარიანად უნდა დავიღალოთ, რომ ყრმასავით დაგვეძინოს ჩვენ კომფორტულ სასტუმროს ნომრებში, რომელსაც მეგობართან, პარტნიორთან, შვილთან ან ფრენისას ახალგაცნობილ მონაწილესთან გავინაწილებთ, ამიტომ ვაგრძელებთ:
✅ჰანოის ძველი კვარტალში, ვიწრო ქუჩებში სეირნობა, ადგილობრივი ყოველდღიური ცხოვრების შეგრძნებისთვის საუკეთესო რამაა. აქ ელექტრო მანქანებით ვისეირნებთ, რათა გამონაბოლქვმა ჩვენ და ადგილობრივები არ შეგვაწუხოს.
✅გვექნება ციკლოს ტური ძველ კვარტალში, ტრადიციულ სამბორბლიან ველო-რიკშაში მსხდომები დავტკბებით 36 ისტორიული ქუჩის ხედებით, ძველი სახლებით, ქუჩის მოვაჭრეებით და ადგილობრივი ცხოვრების ხმაურიანი ატმოსფეროთი.
✅წყლის თოჯინების შოუც უნდა ვნახოთ, უნიკალური ტრადიციული ხელოვნება, რომელიც დაკავშირებულია ვიეტნამელთა სულიერ ცხოვრებასთან. წარმოდგენა იმართება წყლის ზედაპირზე, რომელიც სცენას წარმოადგენს. თოჯინების მართვა ხდება ბამბუკის გრძელი ჯოხებითა და წყლის ქვეშ დამალული მექანიზმებით. მუსიკალურ ფონს ქმნის ტრადიციული ორკესტრი, ხოლო ჩრდილოეთ ვიეტნამელი მომღერლები ასრულებენ სიუჟეტურ სიმღერებს. წარმოდგენა გრძელდება დაახლოებით 1 საათი.
დავიღლებით? კი, დავიღლებით, ამიტომ გემრიელი ვახშამი გვექნება ადგილობრივ, ტრადიციულ რესტორანში. ამ დღეს ღამის ჰანოის ხეტიალს მხოლოდ ძალიან ენერგიულები დამოუკიდებლად გააგრძელებთ.
ჩვენ დავიძინებთ, ხვალ კიდევ უფრო დიდი სასწაულები გველოდება
➡️🇻🇳 დღე 2 – ჰანოი – ნინ ბინი – ჰანოი (B/L/D)
ვიეტნამური საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ნინ ბინში.
ცალკე აღნიშვნა სჭირდება ვიეტნამურ საუზმეს. აქაური კერძები დილიდანვე ცხარე და სუსხიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ტრადიციული ვიენამური საუზმე ასეთია და ენერგიის შესაბამის დახარჯვასაც ითხოვს:
ფო (Phở) ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და საკულტო საუზმის კერძია Viet¬nam-ში. ესაა ცხელი ბულიონი ბრინჯის თხელი ბოჭკოვანი ლაფშები და ხორცი (ძროხის ან ქათმის). ფოს ყველაზე ხშირად მიირთმევენ თავად ვიეტნამელები, ამიტომ ხშირად ნახავთ ქუჩებში პატარა კაფეებში თავჩარგულ მოწესრიგებულ, სუფთად ჩაცმულ, სამსახურში მიმავალ ხალხს, ლიმნის წვენ დამატებულ, წიწაკიან ბულიონს ხმამაღლა რომ ხვრეპენ.
ბან მიჰ (Bánh Mì), ვიეტნამის სავიზიტო სენდვიჩი, რომელიც ფრანგულ ესთეტიკას და აზიურ სტილს საინტერესოდ აერთიანებენ. პათეს, ქათმის ან ღორის ხორცის ნაჭრები, მწვანილი, პიკლი და ცხარე სოუსი დილას ენერგიულად დაგვაწყებინებს და შესანიშნავი აპერეტივი იქნება აუცილებელი ლანჩისთვისაც.
ბან ჰუონ (Bánh Cuốn) თხელი ბრინჯის ფუნთუშებია, რომლის შიგთავსიც, არც მეტი, არც ნაკლები წვრილად დაჭრილი ღორის ხორცი ან სოკოა. დილით ნოყიერი და სავსე საუზმისთვის იდეალურია, დიეტის მოყვარულებს კი ვურჩევდი მზერით ჩაო მოჩებნონ მაგიდაზე.
ჩაო (Cháo) ბრინჯის წვნიანია და განსაკუთრებით სასიამოვნო გრილ ამინდშია.
სთიკი ბრინჯი – Xôi მაკარონის სოუსი და პიკანტურად მომზადებული ხორცეულია. ამ კერძს ქუჩაში ათობით მდგომ ვენდორებთან ფეხის ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით და ნახევარ დოლარად იყიდით, სადაც გინდა იყოთ, ეს ხომ სოციალისტური ქვეყანაა და საუზმის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს.
ჰუ ტიუ (Hủ Tiếu) კი სულ სხვა ტიპის ლაფშიანი წვნიანია და განსაკუთრებით სამხრეთ ვიეტნამშია პოპულარული. აქვს ტკბილი/არც ისე მკვრივი ბულიონი, რომელშიც სხვადასხვა სახის ნაჭრები დაცურავენ (ღორი, ქათამი, ქვიას ნაჭრები).
კომპ ეტაპ (Cơm Tấm) ტრადიციული ტომის ბრინჯის კერძია, ჩაშუშული ღორის ხორცით, კვერცხით და შემწვარი ბოსტნეულით.
ვიეტნამელებს ტრადიციულად, ადგილობრივი ჩაი და ძლიერი შავი ყავა მოსწონთ. ყავას ყველა დავლევთ და უძველესი დედაქალაქისკენ წავალთ კომფორტული მიკროავტობუსით.
ჰოა ლუ მეფე დინის დაარსებული პირველი ვიეტნამური დედაქალაქია. აქ 968-1010 წლებში საფუძველი ეყრებოდა ვიეტნამის დიდებას. მეფე დინი ადგილობრივებისთვის, როგორც ჩვენთვის ბაგრატ მეოთხის რანგის ფიგურაა და ამაყობენ იმით, რომ კარსტული კლდეებითა და ბუნებრივი ლანდშაფტებით გარსშემორტყმული უძველესი დედაქალაქი ისეთი დაცული ყოფილა, ჩიტებიც კი მოკრძალებით აკაკუნებდნენ მისადგომებთანო.
ვნახავთ მეფე დინ ტიენ ჰოანგის ტაძარს, არქიტექტორულ შედევრს, გავივლით ნგო მონის კარიბჭეს და ლოტოსის ტბას, ბაღებს და სამ ძირითად დარბაზს სადაც სიმბოლურად ზესკნელში, ქვესკნელში და შუასკნელში მოგზაურობის გზა უნდა გავიაროთ.
ხმაურიანი ქალაქიდან სულ რაღაც 2.5 საათის შემდეგ ჩნდება მწვანე პეიზაჟები, ბრინჯის ველები, წყალში არეკლილი კლდეები. Hoa Lu ძველი დედაქალაქია. აქ ოდესღაც იმპერატორები დადიოდნენ. ახლა ღამ-ღამობით მხოლოდ ქარი დაიარება.
ტამ კოკში ნავში ჩავსხდებით, სადაც ადგილობრივი ქალი იქნება ჩვენი მესაჭე, ვინც ნიჩბებს ფეხებით მართავს, მშვიდად იღიმის და თავის ოჯახურ პრობლემებს თუ მოუწესრიგებელ სექსუალურ ცხოვრებას თავს არ მოგვახვევს. აქაურები სულ იღიმიან და ეს ღიმილი ყვავილივით ნაზი და მშვენიერია.
აქ მღვიმეებში, როგორც საკუთარ არაცნობიერში შესვლა მოგვიწევს. აქ გარესამყაროს ყველა ხმა იკარგება, სამაგიეროდ აზია და ჩვენი შინაგანი ხმები იწყებენ ჩურჩულს. შემდეგ 500 საფეხური უნდა ავიაროთ Mua Cave-ზე. ცოტას დაგვღლის, მაგრამ სიმაღლიდან რომ გადმოვხედავთ არე-მარეს, მივხვდებით, რომ ფოტოს გადაღებასაც კი აზრი აღარ აქვს – ამ სილამაზეს ვერავის გავუზიარებთ, სჯობს სიჩუმით და ბუნებით დავტკბეთ. კიდევ როდის მოვალთ აქ?
სოფლის პეიზაჟებში ველოებით სეირნობის შემდეგ, ჰა ნოიში უნდა დავბრუნდეთ. ვახშმისას იმდენი ემოცია გვაქვს ერთმანეთთან გასაზიარებელი.
➡️🇻🇳 დღე 3 – ჰანოი – ჰა ლონგი – ღამე კრუიზზე (B/L/D)
გუშინ ჰა ლონგი ხმელეთზე ვნახეთ, დღეს კი ნამდვილ ჰა ლონგის ყურეს უნდა ვესტუმროთ.
თუ ბუნება თეატრალური დადგმაა, ეს ადგილი ყველაზე დრამატული სცენაა ამ სპექტაკლში და ჩვენ შექსპირის გმირების ემოციური ფოეიერვერკი გველოდება წინ.
კირქვის კუნძულები წყლიდან ისე ამოდიან, თითქოს მიწამ გადაწყვიტა ცაში ასულიყო და ღმერთების პანთეონს შეერთებოდა.
ამ ყურეში 5 ვარსკვლავიანი კრუიზით უნდა ვიმოძრაოთ. პერიოდულად ნაპირთან ჩამოვდივართ, მღვიმეებს ვათვალიერებთ და კაიაკებით კლდეებს შორის დავსეირნობთ. აქაური წყალი მოხუცის თვალებივით გამჭვირვალე და ახალშობილივით სუფთაა.
საღამოს მზის ჩასვლას გემბანიდან შევეგებებით. შეუძლებელია არ გაგეფიქროს: ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანსო.
ყველაფერი ჯერ კიდევ ახლა იწყება.
ვახშამი ბორტზე გვექნება. აქ კალმარებზე თევზაობაც შესაძლებელია და კალმარების დაგემოვნებაც.
ღამე კრუიზზე, ორადგილიან ნომრებში გავათევთ.
➡️🇻🇳 დღე 4 – ჰა ლონგი – ჰანოი (B/L/-)
მზე ხომ გემბანიდან გავაცილეთ, ახლა ისევ აქ უნდა შევეგებოთ, რათა ცხოვრების ნამდვილ ციკლს ჩავწვდეთ – ყველა დაისს ახალი მზის ამოსვლა და შინაგანი ტრანსფორმაცია მოჰყვება და რომ ამ მშვენიერების ნახვა თავისთავადი დასტურია იმისა, რომ „ჰოპლა, ჩენ ვცოცხლობთ!“
საუზმე გემბანზე გვექნება. აქ ყავაში ვერავინ ჩაგვიხედავს, მაგრამ განთიადის ნახვა ვისაც ჭიქა ყავით ხელში, ჰა ლონგის ყურეში, საინტერესო ხალხის გარემოცვაში (თუ მარტოობა მოგწონთ, იპოვით მყუდრო სივრცესაც) გსურდათ, ეს მოგზაურობის მეოთხე დღე იქნება.
ვიეტნამელები ფუსფუსა ხალხია, დილის კაიაკით გასეირნება ან რომელიმე მღვიმეში კიდევ ერთხელ შესვლა შესაძლებელი იქნება.
ნაშუადღევს კი ჰანოიში დავბრუნდებით, რათა ლიტერატურის ტაძარი ვნახოთ, რომელიც ვიეტნამის პირველი უნივერსიტეტია, რომელიც კონფუციუსს მიუძღვნეს.
ვნახავთ ჰოა ლოს ციხესაც, ისტორიული ადგილს, სადაც პატიმრობაში იმყოფებოდნენ ვიეტნამელი რევოლუციონერები და ამერიკელი პილოტები.
ეს საღამო გიდის გარეშე უნდა გავატაროთ. ძველ კვარტალში ჩვენით ვიხეტიალებთ, შინაგან GPS-ს ჩავრთავთ და პატარ-პატარა გამარჯვებებით ვიხალისებთ, როდესაც სასტუმროს ტელეფონის დაუხმარებლად მივაგნებთ.
ვახშამი თავად უნდა დავგეგმოთ და ინტუიციას მივენდოთ რომელი ვიეტნამური კერძი დავაგემოვნოთ ამჯერად.
არც ერთი ზედმეტი ლუკმა არ უნდა ვინანოთ, ღმერთმა შეგვარგოს, ხვალ ნახევარდღიანი ტური და შიდა ფრენა გვაქვს, ბორტზე არაფერსაც არ გვაჭმევენ.
➡️🇻🇳 დღე 5 – ჰანოი – და ნანგი (B/L/D)
საუზმის შემდეგ ჰო ჩი მინჰის მავზოლეუმი და მისი რეზიდენცია უნდა ვნახოთ. ნგუენ სი კუნგი, იგივე ჰო ში მინი ვიეტნამელებისთვის სტალინიც, ლენინიც, მარქსიც და გალაკტიონიცაა ერთ ადამიანშ განსხეულებული. ამ კაცმა ვიეტნამს (როგორც ისინი ამბობენ) დამოუკიდებლობა აჩუქა და კოლონიალიზმს მარწუხებიდან გამოგლიჯა ქვეყანაო. ადგილობრივი კომუნისტური პარტია მთლიანად ამ კაცის ჩრდილს და ბალზამირებულ ნეშტს ეფარება და ძალიან ბევრი ულტრამემარცხენე ამ მავზოლეუმის სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდის.
ვნახავთ ერთსვეტიან პაგოდასაც (1049 წელი), ლოტოსის ფორმის ტაძარს. ვისეირნებთ დასავლეთის ტბაზე, ჰანოის ყველაზე დიდ ტბაზე. დავათვალიერებთ ტრან კუოკის პაგოდასაც, თითქმის 1500 წლის ისტორიის მქონე უძველესი ტაძარს და ნანგში ფრენისთვის აეროპორტში გავემგზავრებით.
➡️🇻🇳 დღე 6 – და ნანგი – ჰოი ანი (B/L/D)
და ნანგიდან სულ რამდენიმე წუთში ქალაქი სრულიად ქრება და იწყება ველური ტროპიკული ბუნება.
სონ ტრას ნახევარკუნძული ერთდროულად არის ჯუნგლი, მთები და ზღვა. გზა ნელ-ნელა ადის ზემოთ. ერთ მხარეს სამხრეთ ჩინეთის ზღვა, მეორე მხარეს – მწვანე ფერდობები მოჩანს. ხმაურიდან აქ აღმოჩენილი სუფთა, ოდნავ ნესტიან და იოდით სავსე ჰაერს ფანჯრებიდან ხარბად შემოვუშვებთ.
რატომ ეძახიან აქაურობას „მაიმუნების მთას“? აქ ბინადრობს იშვიათი წითელფეხება ლანგური – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პრიმატი აზიაში. ფოტოაპარატები მოიმარჯვეთ: თუ გაგვიმართლა, ხეების შორის შევამჩნევთ.
ამ ნახევარკუნძულის მთავარი ღირსშესანიშნაობაა: Linh Ung Pagoda, ტაძარი, რომელიც ზღვის თავზე დგას. აქ მდებარეობს 67-მეტრიანი თეთრი ლედი ბუდას ქანდაკება „Quan Âm“ (თანაგრძნობის ღვთაება), ვიეტნამის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რელიგიური მონუმენტი. ზემოდან ზღვა უსასრულოდ იშლება, ქვემოთ კი ქალაქი მშვიდად სუნთქავს. და გველოდება.
ვნახავთ მარმარილოს მთებს და ამ ფუს მღვიმეს, ნონ ნუოკის ქვის ხელოვნების მუზეუმს და კამ ტანის სოფელს, სადაც ქოქოსის ტყეშ ნავით უნდა გავისეირნოთ.
ვნახავთ იაპონურ ხიდს
o სა ჰუინის მუზეუმს
o ფუოკ კიენის ასამბლეას
o ცენტრალურს ბაზარს
o ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოებს
და დავბრუნდებით და ნანგში.
დასაძინებლად
➡️🇻🇳 დღე 7 – ბა ნა ჰილსი (B/L/D)
სანამ ამ დღეს დავგეგმავთ, მოდი, ვიეტნამური ვახშმის მენიუ კარგად დავათვალიეროთ
სტარტერები
• Gỏi cuốn – ბრინჯის ქაღალდში გახვეული კრევეტები, ღორის ხორცი, მწვანილი და ვერმიშელი გემოების ისეთი ბუსტერია, ენაზე ყველა დახშულ რეცეპტორს რომ გამოაღვიძებს. ადგილობრივები არაქისის სოუსთან ერთად მიირთმევენ და ჩვენც ასე გავსინჯოთ..
• Chả giò – ხრაშუნა შემწვარი რულეტებია ხორცითა და ბოსტნეულით. თუ ძალიან ბევრი გეხორცათ ამ დღეების განმავლობაში
• მწვანე პაპაიას სალათი თევზის სოუსითა და ლაიმით გასინჯეთ.
🍲 სუპები
• Phở – ცნობილი არომატული ბულიონი საქონლის ან ქათმის ხორცით, ბრინჯის ლაფშით და ახალი მწვანილებით.
ან
• Canh chua – მეკონგის რეგიონის ტკბილ-მჟავე თევზის სუპი ანანასითა და ტამარინდით. ვიეტნამში 0 კილომეტრი პრინციპით ბევრი რესტორანი მუშაობს და პროდუქტები ტაილანდიდან კი არ ჩამოაქვთ, იქვე, ადგილობრივ გლეხებს მოყავთ ხოლმე.
🍛 მთავარი კერძები
• Bún chả გრილზე შემწვარი ღორის ხორცი ბრინჯის ლაფშასთან და არომატულ სოუსთან მნიშვნელოვანი განაცხადია. ამ დროს მწეველები გარეთ გადიან, რომ ახალი ძალებით შეუტიონ გემრიელობებს, ვინც არ ვეწევით, ვახსენოთ ჭამისა და სიამოვნების ყველა ღვთაება და განვაგრძოთ:
• ლიმონის ბალახითა და ჩილით შემწვარი ზღვის პროდუქტები დ ვიტამინის ისეთი საცავია, რომელიც ზამთარს მხნედ გადაგვაგორებინებს.
• კარამელიზებული ღორის ნეკნები თევზის სოუსით საბჭოთა კავშირივით ერთობაა – სად ტაჯიკეთი და სად ბელორუსი, მაგრამ რაღაცნაირად გემოებს დავსვამთ და მივადგებით შემწვარ ბოსტნეულს ნიორით (წყლის ისპანახი, ბოკ ჩოი).
🍚 გვერდითი
ჩვენ შორის ნამდვილად აღმოჩნდება ვიღაც ისეთი, ვინც ხმამაღლა იტყვის : მოკლას ხარი თივის ჭამამო და ორთქლზე მოხარშულ ჟასმინის ბრინჯი შეუკვეთავს პიკანტური თევზის სოუსით (Nuoc Mam). ზედ მიაყოლებს ახალ ქინძს, პიტნას, ტაილანდურ რეჰანს
🍍 დესერტი
ცოტა მეტი მომივიდაო, რომ იტყვი (ჯერ 15 დოლარიც არ დაგვიხარჯავს) ტროპიკული ხილის ასორტი დაგიძახებს (მანგო, დრაკონის ხილი, ანანასი) არ დაგავიწყდეო. ქოქოსის რძიანი ტკბილეული ჩიბურტყუნებს, მე რა დავაშავეო, ყავის აპარატი კი ყურადღების მისაქცევად ძალიან ახმაურდება: ყინულიანი ვიეტნამური ყავა შედედებული რძით არ დაგავიწყდეთო და ყველაფერს შევუკვეთავთ.
სადაც წვრილია, იქ გაწყდეს.
ქამარი!
ახლა კი დილა.
დილით და ნანგი სხვანაირია. ზღვა თითქოს უკან უხევს და მორიდებით გაკვირდება. საუზმე სწრაფად იჭმევა – დღეს საბაგირო გველოდება და დასაკარგი დრო სადაა?
ბა ნა ჰილსი.
საბაგიროს კაბინაში რომ შედგამთ ფეხს, პირველად იგრძნობთ რას ნიშნავს „მაღლა ასვლა“ არა მხოლოდ ფიზიკურად, ემოციურად და სულიერადაც. ღრუბლებში შედიხარ. ხანდახან საერთოდ ქრები. ქვემოთ ტყეა, ჩანჩქერია, ნისლია, მერე ისევ მზე.
ვიღაც ჩუმდება. ვიღაც ვიდეოს იღებს. ვიღაც უბრალოდ ხელის ჩაკიდებას ითხოვს, რადგან სიმაღლესთან მეგობრობა ყველას ერთნაირად არ გამოგვდის.
და უცებ ოქროს ხიდი.
ორ გიგანტურ ქვის ხელს თითქოს მთის გულიდან ამოსული, ჰაერში გაჩერებული ხიდი უჭერავს. თითქოს ღმერთებმა გადაწყვიტეს, ადამიანებისთვის ერთი გასავლელი დაეტოვებინათ – მიწასა და ცას შორის.
აქ ფოტოების გადაღება აუცილებელია. მაგრამ უფრო აუცილებელია ერთი წუთით გაჩერება. უბრალოდ გაჩერება, გაჩუმება, გარინდება და ჩაფიქრება. ასეთი წამები გვზრდიან შინაგანად და მორალური კომპასი ზუსტად იმ მიმართულებას გვიჩვენებს, საითაც ჩვენი „მე“ უნდა მოძრაობდეს. ასეთი 1 წუთი ერთწლიან ფიქრს უდრის .
და უცებ, ფრანგული არქიტექტურის უბანში მოულოდნელად ევროპაში გადადიხარ. ქვის კედლები, ძველი სტილის ფასადები, ბაღები.
ვიეტნამია? საფრანგეთია? ზღაპარია?
ლინ უნგის ტაძარში სიმშვიდეა.
27-მეტრიანი ბუდა მთას ეყრდნობა და თითქოს არაფერს ამბობს, მაგრამ მაინც ყველაფერი გასაგებია რისი თქმაც სურს.
ნუი ჩუას მწვერვალზე დგომისას ნახავ როგორ პატარავდება ქალაქი, როგორ ეკიდება ზღვას ცეცხლი, რატომ უყვართ ადამიანებს სიმაღლეზე ასვლა.
სადილი ტრადიციული და მოკრძალებული იქნება. ემოციებმა საკმარისად დაგვანაყრა და თან, წინ ატრაქციონი გველოდება.
Fantasy Park-ში შინაგანი ბავშვები უნდა გავაღვიძოთ, ყველაზე ჩუმი და დინჯი ჯგუფის წევრი ყველაზე ხმამაღლა იყვირებს. ჩვენ ბავშვაც ჭირდება მოლხენა და მივუშვათ.
საღამოს ქალაქში ვბრუნდებით და თავისუფალი საღამო გვექნება.
ვახშამზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ?
➡️🇻🇳 დღე 8 – და ნანგი – ჰო ჩი მინჰი (B/L/D)
დილა და ნანგში მშვიდია. საუზმეზე უკვე ვიცით ვინ სვამს ძლიერ ყავას, ვინ საუზმობს მხოლოდ ხილით, ვის ჩამოდის გამოუძნებელი სახით და ვინ მოასწრო დილის სეირნობა.
დანანგის ემოციები აქვე უნდა დავტოვოთ. ხმაურიან და უძილო ქალაქში, ჰო ში მინში მივფრინავთ.
ამ ფრენისას საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ ვიეტნამი მრავალფეროვანი ქვეყანაა და სამხრეთი და ჩრდილოეთი სრულებით განსხვავდებიან. ახლა ფაქტობრივად, სხვა ქვეყანაში უნდა გადავფრინდეთ.
ჰო ჩი მინი.
როგორც კი ჩამოვდივართ, ჰაერი იცვლება, მძიმდება. აქ ყველაფერი მოძრაობს. მოტოციკლები ოკეანის ტალღას ჰგვანან – ქუჩაზე გადასვლა პატარა რიტუალია, უნდა დაიჯერო, რომ გაგატარებენ… და ან გაგატარებენ, ან -არა! გაგატარებენ.
ეს ქალაქი ძველ სახელსაც ატარებს – საიგონი. ქალაქსხასიათიც ძველი აქვს. კოლონიალური შენობები, ფრანგული აივნები, ცხელი ჰაერის ოხშივარი და აუტანელი ხმაური, რომელიც თავდაპირველად გაბნევს, მერე კი უცებ შენიც ხდება.
დღეს მსუბუქი პროგრამა გვაქვს. ბევრი თავისუფალი დროა. ვიღაც ბაზარში წავა.
ვიღაც კაფეში დაჯდება და ყინულებიან ყავას დააგემოვნებს. ვიღაც უბრალოდ ქუჩაში ივლის და ამ ქალაქის ენერგიას შეისუნთქავს.
საღამოს ერთად ვივახშმებთ. ემოციებს გავუზიარებთ ერთმანეთს და
ვიეტნამური სუპს ხმაურიანად (თქვენ მაინც ნუ!) დავხვრეპთ. თასში მოთავსებული სურნელი. ბულიონი, ქინძი, ლაიმი. ყველას თეფში განსხვავებული გემოსი იქნება. აქ კერძსაც შენი ხასიათი უნდა მოარგო.
ამბობენ, რომ როგორც ყველა მეგაპოლისს, ჰო ჩი მინსაც არ სძინავს და ალბათ ჩვენც გაგვიჭირდება დაძინება.
რაც ხდება ჰო ჩი მინში, რჩება ჰო ჩი მინში!
➡️🇻🇳 დღე 9 – მეკონგის დელტა (B/L/D)
დილით ქალაქს ვტოვებთ და სამხრეთისკენ მივდივართ.
მეკონგი.
ეს უბრალოდ მდინარე არ არის. ეს არის სისხლძარღვი, არტერია, რომელიც რეგიონს აცოცხლებს.
აქ სახლები წყალთან მეგობრობენ. აქ ბაზარი წყალზე ტივტივებს. თევზს სადაც იჭერენ იქვე ყიდიან, იქვე წვავენ და იქვე მიირთმევენ.
ნავში ვსხდებით. აქწყალი მშვიდია, მაგრამ ნახევარი საუკუნის წინ ცხოვრება იყო საოცრად მშფოთვარე. წამოსვლამდე უყურეთ ფილმს „აპოკალიფსი ახლა“. მთელი სიმძაფრით შეიგრძენით მეკონგზე გავლილი ურთულესი დღეები, ომი, ხიფათი. ნახეთ ფილმიც „The Lover”, აქ სხვა ესთეტიკაა, ეროტიზმია და მეტი რომანტიკა. მეკონგს შეუძლია ყველანაირი იყოს, მთავარია შენ რა განწყობით ზიხარ ნავში.
დღეს აქ მცურავი ფერმები, თაფლის სურნელი, ბანანის ჩირი და წყლის ზედაპირზე მოცურავი პითონებია. სოფლელები ისე გიღიმიან, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ. იქნებ იყავით კიდეც, სხვა ცხოვრებაში.
ტრადიციული სამხრეთული მუსიკა „დონ კა ტაი ტუ“ მშვიდად ჟღერს. აქ ყველაფერი შენელებულია, არავის არსად ეჩქარება, აქ უნდა დატკბე დღემ რაც გაჩუქა იმით და დავტკბებით კიდეც.
ეკო ფერმები (ვაჭამოთ ნიანგს საკუთარი ხელიდან?). ზიპლაინი, ბალანსის ხიდი. ეს უკვე ჩვენ არჩევანზეა, შეგვიძლია არც არაფერი ავიღოთ და უბრალოდ დავტკბეთ ბუნებით, ყავა დავლიოთ, ვიმასლაათოთ.
სადილი უბრალო, სოფლური გვექნება. მეკონგის მხარის საჭმელზე ამბობენ მიწის სურნელი თეფშამდე მიყვება ისეთი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტიაო.
საღამოს ქალაქში ვბრუნდებით. ჰო ჩი მინი ისევ ხმაურიანია, მაგრამ ჩვენში შემორჩენილი მდინარის ლივლივი ამ ქაოსსაც კი ამშვიდებს.
ღამეს ჰო ჩი მინში გავათევთ და ახალი ქვეყნისთვის ჩავალაგებთ ჩემოდნებს.
➡️🇻🇳🇰🇭 დღე 10 – ჰო ჩი მინჰი – სიემ რიპი (B/L/D)
სწრაფი საუზმით ვიეტნამს ვემშვიდობებით.
ფრენა მოკლეა, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ფიქრებში ფილმივით გადაახვიო ბოლო დღეები – ჰანოის ტბა, ჰა ლონგის კლდეები, ოქროს ხიდი, მეკონგის წყლები.
სიემ რიპი.
კამბოჯა უფრო რბილია. უფრო დაუვარცხნელი. ბუნებაში გაზრდილ გოგოსავითაა. არ ჭირდება მაკიაჟი, ისედაც ლამაზია, ცოტა ველურია, ზედმეტად ეშხიანი და ძალიან სექსუალური.
ქალაქი პატარაა, თბილი, თითქოს ჩუმი ღიმილით გიღებს კარებს. ასეთი დახვედრა საქართველოს იმ სოფლებში იციან, მთავარ გზას ძალიან რომ არიან მოშორებულები.
სასტუმროში დაბინავების შემდეგ თავისუფალი საღამო გვაქვს.
ღამის ბაზარი აქაცაა, სხვანაირია. ფერადი, სურნელებიანი. აქ სავსეა შარფები, ხელნაკეთი ნივთები. კა პი კე ბად!
ვიღაცას არ ეხეტიალება და ტრადიციულ მასაჟს ეძებს. სხვა კოქტეილით ცდილობს მოზღვავებული ენერგიის ჩაცხრობას, რომ ანგკორ ვატის სულის შეგუბებას გაუძლოს.
ხვალ ანგკორია
და აქ სხვა სიმძიმე და სიღრმე იწყება. მსოფლიოს მერვე საოცრების პირისპირ უნდა დავდგეთ ხვალ დილით.
ღამისთევა სიმ რიპში
➡️🇰🇭 დღე 11 – ანგკორის ტური (B/L/-)
რანაირად ჟღერს არა „გათენებას ანგკორ ვატში შევხვდი!“ აი, ზიხარ მეგობრებთან ერთად, ყავას სვამ და ამბობ: „გათენებას ანგკორ ვატში შევხვდი!“
თითქოს რა მარტივია და ამ წარმოუდგენელი სილამაზის, მსოფლიოში ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად ქვა საიდან მოიტანეს, ვინ მოიტანა მზის ამოსვლა ანგკორ ვატში.
ჯერ ბნელა.
სიემ რიპს ნახევრად სძინავს, ჩვენ კი ფეხაკრეფით მივიპარებით ადგილისკენ, რომლის ცხოვრებაში ერთხელ ნახვაზეც უამრავი ადამიანი ოცნებობს.
Angkor Wat – ქვის იმპერია
ანგკორ ვატი მხოლოდ ტაძარი არაა. ესაა ქხმერული იმპერიის ძლევამოსილების ნიშანი, საბუთი, გნებავთ – ბეჭედი. მეფე სურიავარმან მეორემ გადაწყვიტა ისეთი დიდება მიეძღვნა ვიშნუსთვის, რომელიც ეჭვებს აღარავის დაუტოვებდა რომ ინდური ტრიუვმირატის ეს ღმერთი ნამდვილი შემნარჩუნებელია.
ალბათ როდესაც დასრულებულ ტაძარს დახედეს, ვიშნუმ და ბრაჰმამ გაიოცეს ადამიანის ხელს რისი შექმნა შეძლებიაო, შივა კი შურით გასკდა და აქაურობის დანგრევა განიზრახა, თუმცა აგერ ამდენი საუკუნეა, ქხმერების ეს საოცრება მყარად დგას დედამიწაზე.
ანგკორ ვატი თხრილითაა გარშემორტყმული. წყალი ირგვლივ სარკესავითაა და იმგვარადაა დაგეგმარებული, რომ დანარჩენ სამყაროსგან სრულ იზოლაციაზე მიანიშნებს.
აქ ხიდზე გადასვლა სამყაროების შეცვლის ტოლფასია და ასეცაა. სულეთში მოგზაურობა თუ წარმოგიდგენიათ, ეს სივრცე უნდა ნახოთ.
სამი დონე.
სამი აღმასვლა.
ცენტრში კი ხუთი კოშკი, თითქოს ლოტოსს კვირტებად ამოუყრია შენობები.
ქხმერული არქიტექტურა კოსმოსურ მოდელს მიჰყვება: ცენტრალური კოშკი – მერუს მთაა (ინდუისტური სამყაროს ღერძი), გარე გალერეები – სამყარო, თხრილი – ოკეანეა.
ამ შენობაში შესვლა სამყაროს მოდელში შებიჯებაა და კოსმიურ წესრიგში მოგზაურობა სწორედ ახლა იწყება.
გალერეებში რელიეფებია – კილომეტრიანი ქვაში მოყოლილი ამბები. ბრძოლები. ღვთაებები. სამოთხე და ჯოჯოხეთი. „რძის ოკეანის ქარხანა“ – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენა, სადაც ღმერთები და დემონები სამყაროს ელექსირს ეძებენ.
დიახ, ქვა აქ წიგნია. კითხულობ და იაზრებ. სიმბოლურად მსურს ჩემი წიგნის იდეა სწორედ ამ სივრცეში გავუზიარო ჯგუფსაც ხმამაღლა. იქნება ამის ძალა? ვნახოთ.
ზედა დონეზე ასასვლელი კიბეები ძალიან ციცაბოა და ყველას ვერ მიიღებს, ყველა ვერც დაძლევს. ეს საკრალური სივრცეა, პირველ ცდაზე ყველას არ ჩაიკრავს გულში და ამისთვის მოემზადეთ.
თუ არ გინახავთ, როგორ იღვიძებს ქვა, აქ ნახავთ. პირველი სხივი შავ სილუეტს ეხება და მრუმე შენობა მოულოდნელად ოქროსფერი ხდება.
ტბა მზეს ირეკლავს, ხალხი ჩუმდება. აქ ლაპარაკი დანაშაულია. არავინ არავის უთანხმდება, მაგრამ ყველა ისუსება, თითქოს სამყაროს დაბადების მომსწრე უნდა გავხდეთ.
ანგკორ ვატი კამბოჯის დროშაზეა გამოსახული. ამ უნიკალურ ძეგლს უცნაური ბედი დაჰყოლია. გვიან იპოვეს ევროპელებმა. თავიდან არც სჯეროდათ მისი არსებობის, მოგზაურებს, ვინც ნახა, მატყუარებს ეძახდნენ. კამბოჯელები კი ამ სივრცეს უფრთხილდებოდნენ, მალავდნენ და მაინც ვიპოვეთ. საიდან მოიტანეს ეს ქვა, რომელიც ტაძრიდან 200 კილომეტრის რადიუსში არსად მოიპოვება?
ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს ტაძარი თავად ღმერთებმა ააშენეს. გჯერა. რანაირად შეიძლება ადამიანს ამდენი ჩუქურთმა ასე გამოეკვეთოს ქვაში.?
ბევრი მკვლევარი და ეზოთერული თეორიის მიმდევარი ამტკიცებს, რომ ანგკორი განლაგებულია „ლეი-ლაინებზე“ – ენერგეტიკულ ხაზებზე, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე გადის და განსაკუთრებულ წერტილებში იკვეთება.
ანგკორ ვატი ზუსტადაა ორიენტირებული მხარეების მიმართ. დასავლეთისკენ მიქცეული მთავარი ღერძი იშვიათია ინდუისტურ ტაძრებში და ხშირად სიკვდილისა და მარადისობის სიმბოლოს უკავშირდება (ვიშნუსთან კავშირიც აქ ჩნდება).
თუ ზედხედით შეხედავ ანგკორის მთელ კომპლექსს, ის მანდალას ჰგავს. ცენტრი – მერუს მთა, გარე წრეები – სამყაროს კონცენტრული დონეები.
შემდეგ ვნახავთ Angkor Thom-ს, Bayon Temple – 216 ღიმილიანი სახით, Ta Prohm-ს, ტაძარს რომელსაც ჯუნგლები თავს არ ანებებენ და ადამიანებისთვის წართმევა სურთ. რამდენჯერაც გინდა გამოგლიჯოს კაცის ხელმა ეს ადგილი, ჯუნგლები კვლავაც იბრუნებენ. სადმე აქ დარბის მაუგლი?
ნაშუადღევს პატარა სოფელში მივდივართ, სადაც პალმის შაქარს ამზადებენ და შაქრისგან ტრადიციულ ნამცხვრებს აცხობენ. დიახ, ხელით დამზადებულს, სოფლურს, სხვა გემო აქვს.
აქაური სადილი მარტივია, დავესესხოთ ჭილაძეს „მარტივი, როგორც მწყემსის დანა, ანდაც მარილი“. გრილზე შემწვარი ქათამია, თაფლით. ბრინჯით.
ისევ ანგკორს უნდა დავუბრუნდეთ და შუადღის შუქზე ყველა ორნამენტი დავათვალიეროთ. ამჯერად ბევრს ვივლით. დაუღლელად. გაავსეთ ტელეფონები ფოტოებით და ვიდეოებით, ამაზე დიდებულს ვეღარასოდეს ვერაფერს ნახავთ.
საღამოს სიემ რიპში დავბრუნდებით. გაქვთ თავი და ნერვები ბაზარში სახეტიალოდ? -ღამის ბაზარი ცოცხალია! შოუები ყველა ფეხის ნაბიჯზე, მასაჟის სალონებიდან ტანმორჩილი ქალები გეპატიჟებიან. იქნებ ყველაზე სწორი არჩევანი მასაჟის მაგიდაზე დაწოლა და გონების გათიშვაა, დაე, თავად ტვინმა მოინელოს ნანახი.
➡️🇰🇭 დღე 12 – გამგზავრება (B/L/-)
ტრანსფერი აეროპორტში.
ტურის დასასრული.
ფასი: 1850 აშშ დოლარი ერთ ადამიანზე
შედის:
⏳ შიდა ფრენები ვიეტნამის ტერიტორიაზე
⏳ განთავსება ორადგილიან/სამადგილიან ნომერში
⏳ ტრანსფერები
⏳ კვება პროგრამის მიხედვით
⏳ ინგლისურენოვანი გიდი
⏳ შესასვლელი ბილეთები
⏳ წყალი დღეში 1 ბოთლი
არ შედის:
⏳ საერთაშორისო ავიაბილეთები (ამ ეტაპზე 900 დოლარის ფარგლებში)
⏳ფრენა ჰო ში მინიდან სიემ რიპში და სიემ რიპიდან ჰა ნოიში (თუ სიემ რიპიდან არ გამოვფრინდით)
⏳ვიზა (25 დოლარი ვიეტნამში და 30 კამბოჯა)
⏳ჩაი გიდისა და მძღოლებისთვის (ტურის განმავლობაში დაახლოებით 100 დოლარი)
⏳ერთადგილიანი ნომრის დამატებითი ღირებულება
⏳ პირადი ხარჯები
