გურამ მეგრელიშვილი
ნაწყვეტი წიგნიდან “საბავშვო ბაღში წასვლა მიხარია” (მშობლის გზამკვლევი)
საბავშვო ბაღში წასვლა მხოლოდ პატარისთვის არ არის გამოცდა, ეს მთელი ოჯახის სხვა რიტმზე გადასვლას ნიშნავს.
ახალ გარემოსთან სწორად მოსარგებად ბავშვს სჭირდება ერთი მნიშვნელოვანი რამ: მზადყოფნა. რას ნიშნავს ეს სიტყვა სინამდვილეში?
მზადყოფნა მხოლოდ ასაკით არ განისაზღვრება.
სანამ ვიტყვით – „ ბაღში წასვლის დრო მოვიდა“, საჭიროა, დავაკვირდეთ ბავშვს – როგორ რეაგირებს ცვლილებაზე, როგორია მისი ემოციური, სოციალური და ფიზიკური ტემპი.
1. ემოციური მზაობა
ბავშვი ემოციურად მზადაა ბაღისთვის მაშინ, როცა შეუძლია მშობლისგან მცირე დროით გამოყოფა შიშისა და პანიკის გარეშე.
ეს არ ნიშნავს, რომ ტირილი არ შეიძლება, რადგან ტირილი ბუნებრივია.
მთავარია, ტირილის შემდეგ ბავშვმა მაინც მიიღოს მორიგ გადაწყვეტილება: გაემართოს ჯგუფისკენ, დაიკავოს თავისი ადგილი და ჩაერთოს თამაშში.
ემოციური მზაობის ნიშნებია:
- ბავშვს შეუძლია, დროებით დაშორდეს მშობელს (ბებიას, დეიდას, მეგობარს);
- უცხოებთან ურთიერთობისას შიშის გარდა ინტერესიც შეინარჩუნოს;
- შეუძლია, გამოხატოს გრძნობები და სურვილები სიტყვიერად („გავბრაზდი“, „მიხარია“, „სახლში მინდა “);
- უყვარს განმეორებადობა – იგივე წიგნი, თამაში, თუ ნივთი მას ამშვიდებს;
- იცის, რომ დედა ყოველთვის ბრუნდება.
თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმე მაინც შეინიშნება – ბავშვი ემოციურად მზადყოფნაშია.
2. სოციალური მზაობა
ბაღში ბავშვი პირველად ხვდება ისეთ გარემოში, სადაც ყველას არ შეუძლია ყველაფერი ერთდროულად.
ამგვარი სივრცე ეხმარება მას ეგოცენტრიზმის მსუბუქად დაძლევაში – სწავლობს დალოდებას, გაზიარებას, სხვისი პიროვნული საზღვრების პატივისცემას.
მზადყოფნის ნიშნებია:
- შეუძლია რიგში დგომა, ან თავისი რიგის დალოდება;
- აცნობიერებს, რომ ყველა სათამაშო მისი არ არის;
- ახარებს სხვისი წარმატებაც;
- შეუძლია, ითამაშოს არა მხოლოდ მარტოს, არამედ სხვა ბავშვებთან ერთად;
- იწყებს სიტყვიერ ურთიერთობას თანატოლებთან („გთხოვ“, „მოდი“, „გამომართვი“).
თუ ბავშვი თანატოლთან ჯერ კიდევ ვერ იყოფს სათამაშოს – ეს არ ნიშნავს მოუმზადებლობას. ეს მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ მას სჭირდება დამატებითი თამაშით სწავლა – სწორედ ის, რასაც ბაღი სთავაზობს.
3. ფიზიოლოგიური მზაობა
ბაღში დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, ნიშნავს სხეულის კონტროლს.
ფიზიოლოგიური მზაობა ბავშვში აღინიშნება მაშინ, როცა:
- შეუძლია საპირფარეშოთი დამოუკიდებლად სარგებლობა;
- ახერხებს ხელების დაბანას, ცხვირის ღრუს ამოსუფთავებას, ჩაცმას და გახდას მცირე დახმარებით;
- სძინავს და იღვიძებს მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე დროს;
- დღის რეჟიმი უკვე ჩამოყალიბებულია.
მშობლის მიზანი არ არის სრულყოფილება – მთავარია, ბავშვი იცნობდეს ამ მოქმედებებს და თვითონ ცდილობდეს შესრულებას.
4. კომუნიკაციური მზაობა
ბაღში ბავშვს საკუთარი მოთხოვნილებების გამოთქმისა და გაგების მინიმალური უნარი დასჭირდება.
ეს არ ნიშნავს მდიდარ ენობრივ ლექსიკას, არამედ ძირითადად იმას, რომ მას შეუძლია გამოხატოს თავისი საჭიროებები: „მშია“, „მწყურია“, „მცივა“, „ ტუალეტში მინდა “.
ასეთი ელემენტარული კომუნიკაცია ბავშვს იცავს სტრესისგან და ზრდის მის თვითრწმენას.
თუ მეტყველება ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მშობელმა უნდა დაიწყოს წინასწარი ვარჯიში – თამაში სიტყვებით, სიმღერებით, წიგნებითა და დიალოგებით.
5. ტესტი მშობლისთვის
გაითვალისწინეთ, რომ ამ ტესტს არ აქვს სწორი, ან არასწორი პასუხები. ის მხოლოდ გეხმარებათ შეაფასოთ, რამდენად მზად არის თქვენი შვილი ცვლილებისთვის:
| შეკითხვა | დიახ | არა |
| შეუძლია ბავშვს დარჩენა ახლობელ ადამიანთან მშობლის გარეშე მინიმუმ 30 წუთით? | □ | □ |
| ინტერესდება ახალი ადამიანებით, ან სხვა ბავშვებით? | □ | □ |
| შეუძლია, იჯდეს მაგიდასთან 10-15 წუთით? | □ | □ |
| შეუძლია ნივთის კუთვნილების აღიარება („ეს ჩემი ჭიქაა“, „ეს შენი სათამაშოა“)? | □ | □ |
| გამოხატავს გრძნობებს სიტყვიერად, ან ჟესტების მეშვეობით? | □ | □ |
| სურს ჩართვა საერთო თამაშებში? | □ | □ |
| იცის, რომ დედა, ან მამა აუცილებლად დაბრუნდება? | □ | □ |
თუ სამი, ან მეტი პასუხი „დიახ“ უპასუხეთ, თქვენი შვილი უკვე ნაბიჯს დგამს საბავშვო ბაღის მზაობისკენ.
თუ პასუხები მეტწილად „არაა“ – ეს გულისხმობს, რომ წინ გაქვთ სასწავლო პერიოდი – თამაშით, სიმღერით და სიმშვიდით.
6. მშობლის მზაობა
შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა ხშირად ბავშვი მზად არის ბაღში წასასვლელად, მაგრამ მშობელი – არა.
თუ გიჭირთ შვილის დროებით დატოვება, თუ თავს დამნაშავედ გრძნობთ, ან გეშინიათ, რომ მას არ გაუგებენ – დაიწყეთ საკუთარი ემოციით.
ბავშვს სჭირდება არა გმირი, არამედ მშვიდი თანამგზავრი.
უთხარით შვილს: „შენ მიდიხარ ბაღში, რომ ისწავლო, ითამაშო და გაიზარდო. მე სამსახურის შემდეგ აუცილებლად მოვალ შენთან.“ ეს ფრაზა ბავშვს აძლევს ერთდროულად დამოუკიდებლობისა და დაცვის განცდას – დედა ყოველთვის ახლოსაა, მაგრამ ორივეს საკუთარი სამყარო აქვს.
თავი 4 – საბავშვო ბაღის არჩევა და გარემოს მნიშვნელობა ბავშვის ემოციურ ადაპტაციაში
საბავშვო ბაღის არჩევა ხშირად ჰგავს ოჯახისთვის ახალი წევრის შერჩევას.
ბავშვი იქ გაატარებს ყოველდღიურად რამდენიმე საათს, ისწავლის ურთიერთობას, ემოციების მართვას, თვითდაჯერებას და სწორედ იქ ჩამოყალიბდება მისი პირველი „საზოგადოება“.
ამიტომ ბაღის შერჩევა მხოლოდ ფასის, ადგილის, ან ინტერიერის მიხედვით არ უნდა მოხდეს.
ბაღის არჩევა – ეს ფსიქოლოგიური გადაწყვეტილებაა.
1. როგორ გავიგო, რა სჭირდება ჩემს შვილს
ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის, ამიტომ არ არსებობს „იდეალური ბაღი“, მაგრამ არსებობს „სწორი ბაღი“ კონკრეტული ბავშვისთვის.
დააკვირდით თქვენს შვილს:
- უყვარს თუ არა ხმაურიანი თამაშები, თუ ურჩევნია ჩუმად ხატვა?
- სწრაფად ადაპტირდება ახალ გარემოსთან, თუ გარკვეული დრო სჭირდება შესაგუებლად?
- ეძებს ყურადღებას, თუ მარტივად ეგუება ჯგუფს?
თუ ბავშვი მორიდებული და ჩუმია, სასურველია მცირეჯგუფიანი ბაღი, სადაც მასწავლებელი შეძლებს ყურადღების ინდივიდუალურად გამოჩენას.
თუ ბავშვი ენერგიული და მოძრავია, აუცილებელია მის ბაღში იყოს აქტიური თამაშები, შესაბამისი ფიზიკური სივრცე და ემოციურად მოქნილი მასწავლებელი.
ბაღი უნდა მოერგოს ბავშვს და არა პირიქით.
2. გარემო, რომელიც ამშვიდებს
საკმაოდ ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვები სწრაფად ეგუებიან ისეთ გარემოს, სადაც:
- სივრცე ნათელია, მაგრამ არა ზედმეტად ხმაურიანი;
- არსებობს დღის მკაფიო რუტინა, მაგრამ ბავშვებს არჩევანის შესაძლებლობაც აქვთ;
- აღმზრდელები სიტუაციას კი არ მართავენ, არამედ პროცესში მონაწილეობენ;
- ბავშვების ნახატებითა და სხვადასხვა ნამუშევრებით გაფორმებული კედლები პატარებში აჩენს „ჩემი ადგილის“ განცდას.
ბაღის ატმოსფერო უნდა ასხივებდეს სითბოს და სიმშვიდეს.
ეს გარემო ბავშვისთვის უნდა გახდეს მეორე სახლი, სადაც მის გრძნობებს პატივს სცემენ.
3. პირველი შთაბეჭდილება – როგორც გულწრფელი სარკე
საბავშვო ბაღთან მიახლოებისას ყოველთვის დააკვირდით, რას გრძნობთ თქვენ და თქვენი შვილი.
შეხედეთ მის სახეს – დაიძაბა თუ დაინტერესდა?
გაიღიმა თუ მოერიდა?
ხშირად პირველი ემოცია ყველაზე ზუსტია.
დაუთმეთ დრო აღმზრდელთან საუბარს – არ მოიკითხოთ მხოლოდ ბაღის პროგრამა და საკვები. ჰკითხეთ:
- როგორ ამშვიდებს აღმზრდელი ბავშვებს?
- როგორ რეაგირებს მათ ტირილზე?
- როგორ ასწავლის სხვებთან თამაშს?
ამ კითხვების პასუხებში ჩანს ბაღის სული და არა მხოლოდ სისტემა.
4. ფიზიკური გარემოს მნიშვნელობა
ფიზიკური სივრცე პირდაპირ მოქმედებს ბავშვის ქცევასა და ემოციაზე.
„ფერის ფსიქოლოგიის“ თანახმად, თბილი, მაგრამ არა გადაჭარბებული ფერები (ღია ყვითელი, კრემისფერი, მწვანე) აძლიერებს სიმშვიდის განცდას და თამაშის სურვილს.
ზედმეტად მკვეთრი, ან კონტრასტული ტონები (წითელი, მუქი ლურჯი, შავი) ზრდის აგრესიასა და დაძაბულობას.
ასევე მნიშვნელოვანია:
- საკმარისი ბუნებრივი სინათლე;
- სუფთა ჰაერი და გარკვეული სივრცე სხვადასხვა აქტიური თამაშისთვის;
- ნივთების განლაგება ისე, რომ ბავშვმა შეძლოს დამოუკიდებლად დაეუფლოს სათამაშოს, წიგნს, სახატავს.
საბავშვო ბაღის თითოეული დეტალი უნდა ეხმარებოდეს მას საკუთარ ძალებში დარწმუნებაში.
5. აღმზრდელის ენერგია – „ბაღის გულისცემა“
ბაღის შერჩევისას ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი აღმზრდელია.
ბავშვები სწავლობენ არა სიტყვებით, არამედ დამოკიდებულებით – როგორ უყურებს მასწავლებელი, როგორ ეხება, როგორ ისმენს.
საუკეთესო აღმზრდელი ის კი არ არის, ვინც სხვადასხვა მეთოდიკა იცის, არამედ ის, ვისაც უყვარს ბავშვები ისე, რომ მათ არ ესაჭიროებათ სრულყოფილება.
ბავშვის გონება ემოციურ სიხშირეზე სწავლობს.
თუ მასწავლებელი მშვიდი და კეთილგანწყობილია, ბავშვის გონება იწყებს ნდობის რეჟიმში მუშაობას, რაც ქმნის კარგი სწავლისა და განვითარების საფუძველს.
6. მშობელი – ბაღის პარტნიორი და არა მაკონტროლებელი
საბავშვო ბაღთან ურთიერთობა გაფორმებული კონტრაქტი კი არა, თანამშრომლობა უნდა იყოს.
რაც მეტი კომუნიკაცია იქნება მშობელსა და აღმზრდელს შორის, მით უფრო მარტივად მიეჩვევა ბავშვი ბაღს.
კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაერთეთ ბაღის ცხოვრებაში: იკითხეთ, როგორ იქცევა თქვენი შვილი ჯგუფში, რა მოსწონს, რა აშინებს.
საბავშვო ბაღის აღმზრდელი მშობლის მტერი კი არა, მოკავშირეა.
და რაც მთავარია – არასოდეს გააკრიტიკოთ ბაღი ბავშვის თანდასწრებით.
7. როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი მის შესაფერის ბაღშია
ბაღში მიყვანის შემდეგ დააკვირდით თქვენს შვილს ერთი თვის განმავლობაში.
თუ ის:
- დილით იღვიძებს მშვიდად;
- სახლში საუბრობს ბაღზე – თუნდაც მცირე ეპიზოდებით;
- იწყებს ახალი სიტყვებსა და თამაშების მოფიქრებას;
- ხანდახან ჭირვეულობს, მაგრამ საბავშვო ბაღში მაინც მიდის.
ეს ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღთან მისი ადაპტაცია სწორად მიმდინარეობს.
ბავშვი სწავლობს, რომ ცხოვრება შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და ხიფათი არ ემუქრება მაშინაც კი, როცა დედა მის გვერდით არ იმყოფება.
დასკვნა:
ბაღი არ არის მხოლოდ დაწესებულება – ეს არის ბავშვის პირველი პატარა საზოგადოება.
თუ იქ მას გაუგეს, მოუსმინეს და სიყვარულით მიუდგნენ, ისწავლის იმას, რასაც ვერცერთი წიგნი ასწავლის – სხვისი არსებობა შეიძლება იყოს სიხარულის წყარო და არა საფრთხე.