ფსიქოლოგები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ბავშვებში ქურდობისკენ მიდრეკილება დასჯით არ „იკურნება.“
მართალია, საზოგადოება მოზარდს კანონების პატივისცემას ხშირად მკაცრი სანქციების გამოყენებით ასწავლის, თუმცა ისიც ცხადია, რომ მსგავსი მეთოდები სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე არ მუშაობს. კანონის მიხედვით, ამ ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ არ არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე, ამიტომ მშობლები სწორად მოიქცევიან, თუ მსგავს შემთხვევას უპასუხისმგებლო ქმედებად აღიქვამენ და არა დანაშაულად.
ქურდობის პრობლემა მხოლოდ შეგონებითა და ბავშვის ქცევის შეფასებით არ მოგვარდება. მნიშვნელოვანია საუბრის ისე წარმართვა, რომ ბავშვს გაუჩნდეს სურვილი გაგიგოთ და დაეთანხმოს თქვენს პოზიციას. თუ არ გავითვალისწინებთ განსაკუთრებულ სოციალურ გარემოებებს, პატარა ბავშვებში ქურდობა შედარებით იშვიათი მოვლენაა. ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს საკუთრების ცნების სრულყოფილი გაგება. მას ესმის განსხვავება „ქონას“ და „არყოფნას“ შორის, მაგრამ საკუთრების სამართლებრივი და სოციალური მნიშვნელობა ჯერ არ გაუსიგრძეგანებია.
ბავშვს აქვს სურვილები, შეიძლება ვინმესი შურდეს კიდეც, თუმცა იგი ჯერ კიდევ არ არის იმდენად დამოუკიდებელი, რომ ჩამოუყალიბდეს აგრესიული თვითდამკვიდრება, რომელიც ქურდობის საფუძველში დევს. ასეთი მისწრაფება შეიძლება ჩამოყალიბდეს იმ შემთხვევაში, თუ გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, ასუსტებს მშობლების ავტორიტეტს და ბავშვს ფაქტობრივად უბიძგებს სხვისი საკუთრების უფლების დარღვევისკენ.
მსგავსი სიტუაცია ხშირად გვხვდება ოჯახებში, სადაც ადამიანები გადატვირთულ და შეზღუდულ საცხოვრებელ სივრცეში ცხოვრობენ, სადაც მშობლები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ შვილებს და მათ ფაქტობრივად საკუთარი თავის ამარა ტოვებენ, ხოლო უფროს ბავშვებს უკვე ჩამოყალიბებული აქვთ ცუდი ჩვევები, რომელთაც უმცროსები ბაძავენ.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, მშობლებმა, როდესაც ვიგებთ, რომ ჩვენი შვილი იპარავს? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ გავიგოთ – ეს არის ნამდვილი ქურდობა თუ უბრალოდ ბავშვი ჯიბეში სხვის ნივთებს უნებლიეთ იდებს. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ არის.
ნამდვილი ქურდობის შემთხვევაში ბავშვი შეგნებულად მალავს თავის ქმედებას, რადგან აცნობიერებს, რომ ცუდი რამ გააკეთა და სხვისი საკუთრების უფლება დაარღვია. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი უბრალოდ იღებს ნივთს ისე, რომ ამას ქურდობად არც კი აღიქვამს, საქმე გვაქვს არა დანაშაულებრივ განზრახვასთან, არამედ საკუთრების ცნების არასრულყოფილ გაგებასთან.
თუ ახსნა არ მოქმედებს, მაშინ უნდა დავფიქრდეთ ცუდი საქციელის მიზეზებზე.
ხშირად საქმე გვაქვს: ბავშვის ძლიერ უკმაყოფილებასთან, პროტესტთან, მტრულ დამოკიდებულებასთან ავტორიტეტის მიმართ და იმასთან, რომ ბავშვს საკუთარი იმპულსების კონტროლი არ შეუძლია.
ამ შემთხვევაში დასჯა მხოლოდ გააძლიერებს ამ გრძნობებს.
თუ კი შევეცდებით: გავამხნევოთ, დავეხმაროთ საზოგადოების და ცხოვრების წესის გაგებაში, ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენთანაა, მაშინ ბავშვი შეძლებს მტრობის გრძნობის დაძლევას და თვითკონტროლის განვითარებას.
ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – მშობლებია
ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არსებობს, მშობლებია.
მისთვის საკუთარი თავის დიდი ნაწილის დათმობა, დროის, ყურადღების, სიყვარულის მიცემა ალბათ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა.
არადამთრგუნველი ზრუნვა, მეგობრული დამოკიდებულება, თბილი და ცოცხალი მონაწილეობა მის ცხოვრებაში ბავშვს აგრძნობინებს, რომ „ერთი გუნდი ვართ“.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შემცირდება მისი მტრული განწყობა და ის შეძლებს თავისი აგრესიის სოციალურად მისაღები გზით გამოხატვას.
ერთ დროს ითვლებოდა, თითქოს ბავშვთა დანაშაულებრივი ქცევა მემკვიდრეობითი დაავადება იყო. მაგრამ სოციოლოგებმა ექსპერიმენტებით აჩვენეს, რომ როცა ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა აქტიურ საქმიანობაში გამოხატოს თავი, დანაშაულის მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება.
კარგად ორგანიზებულ ოჯახს შეუძლია ბავშვს შესთავაზოს უამრავი გზა თავისი ენერგიის გამოსახატად ისე, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არ დაარღვიოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს მშობლები უყვარდეს და პატივს სცემდეს
მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი გრძნობს, რომ მშობლებს უყვართ და თვითონაც უყვარს ისინი,
მას უჩნდება სურვილი მათ დაემსგავსოს და მიბაძოს.
უბრალო მოწოდებები „არ გინდა“, „თავი შეიკავე“ არ მოქმედებს.
მაგრამ თუ ბავშვს ნამდვილად უნდა მშობლებს დაემსგავსოს და მათი კეთილგანწყობა დაიმსახუროს, მაშინ ის თავის ქცევის კონტროლის მნიშვნელობას თვითონ მიხვდება.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მშობლებზე კარგი წარმოდგენა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ურჩი დარჩება.
თუ ბავშვს არ აქვს: საყრდენი, მხარდაჭერა, საკუთარი თავის რწმენა, მშობლების სიყვარული, მაშინ მან შეიძლება მოიპაროს ის, რასაც ბუნებრივად ვერ იღებს.
რას ნიშნავს ნივთები, რომელსაც ბავშვი იპარავს
ნივთებს, რომლებსაც ბავშვი იპარავს, ხშირად თავისთავად მნიშვნელობა არ აქვთ.. ისინი სიმბოლოებია იმ რაღაცის, რაც ბავშვს ძალიან აკლია – ყურადღება, სიყვარული, აღიარება, თავისუფლება და ა.შ ამიტომ ქურდობა უნდა განვიხილოთ როგორც ბავშვის თვითდამკვიდრების ერთ-ერთი სიმპტომი.
როგორც ბავშვს არ ვსჯით იმის გამო, რომ სიცხე აქვს ასევე არ უნდა დავსაჯოთ ქურდობის გამო.
რა უნდა გავაკეთოთ:
- დავაბრუნოთ ნივთი მფლობელს.
- გავარკვიოთ, რა აკლია ბავშვს სახლში.
- ვეცადოთ მივცეთ ის, რაც აკლია.
- მშობლებსა და ბავშვს შორის უნდა ჩამოყალიბდეს კარგი ურთიერთობა.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ბავშვი გაიგოს რას ნიშნავს ნამდვილი პატიოსნება და წესიერება. ვისაც სიყვარული აკლია, მასთან მაღალ მატერიებზე ლაპარაკი არაფრის მომცემია.
ერიკ ფრომი
ნახატზე: ქურდები და ვირი