ეს დავწერე გურამ მეგრელიშვილის “ნივთების სამოთხის” ინსპირაციით. წიგნი ძალიან ბევრ შრეებად იკითხება და სიტყვებს შორის ბევრი ემოცია და აზრია – 90 იანების გახსნილი და ვერადავერდაამებული ჭრილობები და ბევრი სხვაც … კითხვისას თუ შეძელი ამ ტალღების დაჭერა, რაღაცა ძალიან მძლავრ, საოცრად დიდ ერთობას იგრძნობ ავტორის სულის ძახილთან და ისე, ძალდაუტანებლად, სუფი დევრიშების ტრიალივით, ასკეტი მონაზვნის უწყვეტი ლოცვასავით, გადმოშხუილდებიან შენი ქვეცნობიერი ფიქრებიც არწივის ფრთების ტყლაშუნად, როგორც თვით მისი უდიდებულესობა მაკურნებელი და ჭრილობების შემხორცებელი მარადიული არტი.
ასევე რომ, წინ საუცხოოდ დიდი ინტელექტუალური სიამოვნება გელით მათ, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, მაგრამ წაკითხვა გადაწყვეტილი გაქვთ, გილოცავთ!
***
პირველი (შესავალი) ცეკვა.
მე როდესაც მოვკვდები – არ დამასაფლაოთ… ამიტანეთ ზემოთ, ყველაზე მაღალი მთის მწვერვლზე, დაუგდეთ ჩემი ლეში არწივებს, რომ გაძღნენ. მერე ისინი ჩემს ლეშს დაჯიჯგნიან რომ თავის მართვეებს აჭამონ. ჩემი ლეშით გამაძღარი მართვეები ძლიერები დაიზრდებიან, ჩემი ხორცი კარგად შეერგებათ მათ – ნაფიქრი ხორცი, ნაწვალები სხეული და ტკივილებში კარგად გამობრძმედილი გამხმარი სისხლი. მერე ჯერ კიდევ უხელფეხო მართვეებს მშობლები ბუდიდან გადმოყრიან ალალ ბედზე, დედ-მამა იხილავს როგორ ჩაილეწებინ თავიანთი პირმშოები ციცაბო კლდიდან და დაეთხლიშებიან მიწაზე სისხლის გუბეებად. ამის მხილველი დედ-მამა დაიხოცება სევდისგან… ხოლო ის მართვე კი, ვისაც ჩემი ლეში ექნება ნაჭამი, ფრთები ამოუვა და ღონივრად გაშლის. ის ძირს არ დაენარცხება, მას ფრთები ზემოთ აიტაცებენ და აიწევა და აიწევა, აიწევა და აიწევა ზემოთ, ზემოთ … ჩემი ხორცნაჭამი პატარა არწივი. ისე ზემოთ აიწევა, რომ ის ყველაზე მაღალი მთის მწვერვალიც კი წერტილად გამოჩნდება იქიდან და მერე ისიც გაქრება… მერე კი ყველაფერი გაქრება… მე კიდევ მაშინ გავიხარებ და დავიამებ ტკივილებს… როდესაც იმ ჩემი ხორცის ნაგლეჯის ნაკუწი მაინც იგრძნობს თავისუფლებას… მაშინ გავთავისუფლდები მეც, მაშინ მივალ იქ და გავიგებ ვინ ვარ მე სინამდვილეში… მაგრამ სანამ ეს მოხდება და სანამ თავისუფლებას შევისუნთქავ, მე უნდა სევდასა და ტკივილებში მოვკვდე …
გურამმა დაწერა წიგნი სიკვდილზე…
იყო ერთი ბიჭი, საბა, რომელსაც ეშინოდა, ისე, როგორც ყველას გვეშინია, ტკიოდა, ისე როგორც ყველას გვტკივა, მაგრამ თურმე საბას კიდევ უფრო მეტად სტკიოდა, გაუსაძლისაბამდე სტკიოდა და ამიტომ ის გაიქცა იქ, სადაც ისედაც სულ იყო – „წერაში“. მან „იძულებით“ წერა დაიწყო… უნდა ეწერა რომ ტკივილი დაეამებინა… „უნდა“ არის აქ მნიშვნელოვანი. ეს მოთხრობა „უნდაზეა“, კერძოდ „უნდა წეროზე“. საბას არ უნდოდა ნებაყოფლობითი წერა, თორემ ავტორს – შემოქმედს – შეეძლო ასე დაეწყო და ასევე გაეგრძელებინა მოთხრობა – მაგალითად, ლამაზი მზიანი გაზაფხულის დღე იდგა, ტბის პირას, უმშვენიერესი საყვარელი ქალის გვერდით და დახვეწილი ფაიფურის ფინჯანში გემრიელი ჩაით ერთ ხელში, ხოლო საწერი მელნით მეორე ხელში, ძვირფასი სასახლისა და დიდი ვარდების ხეივანში მორბენალი ბედნიერი და ჯანმრთელი ბავშვების ფონზე, საბა წერდა. ავტორის, და ესეიგი, საბას არჩევანი სხვა იყო. მას უნდოდა გაევლო ეს ტკივილიანი „იძულების“ გზა, არავინ იცის რატომ… არავინ იცის რატომ „მოგზაურობს გმირი“, რატომ დაეხეტება უგზოუკვლოდ, რომ ისევ იქ დაბრუნდეს, საიდანაც წამოვიდა. არავინ იცის, რატომ ხდება შვილი უძღები, რომ ისევ მამასთან დაბრუნდეს, არავინ იცის რატომ ჩადიან ქვესკნელში რაინდები, რომ ისევ ამოვიდნენ, არავინ იცის რატომ ეჯაჭვებიან თამაშს, ქალებს, კაცებს, შვილებს, ფულს, საგნებს და ა.შ. რომ მერე ისევ გათავისუფლდნენ, სულის ამ ხეტიალის პარადიგმა არავინ იცის…
საბა სულით დასახიჩრებული დაიბადა, თანდაყოლილი სენით – უდედობის სევდითა და ტკივილით გამოწვეული თვითგანადგურების ძლიერი ინსტიქტი დაყვა. სევდა და ტკივილი კვებავს-ხოლმე ამ ინსტიქტს და ის არასოდეს თავდება, მას სულ ქვემოთ და ქვმოთ ჩაჰყავს ის სული, ვისშიც ის სახლდება… შიშები, ტკივილები, დამცირება თანდათან მისი ბუნებრივი მდგომარეობა ხდება. „უნდა“ ჯერ არ ესმის პერსონჟ საბას, როდესაც ტოტალიზატორში თამაშობს და როდესაც ლატარიის ბილეთებს დაუსრულებად ყიდულობს, მაშინ ჯერ კიდევ ზემოთ ახედავს- ხოლმე მათ, ვისაც ის თოკებით უკავიათ და ასძახებს ხოლმე, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩაუშვან უფსკრულში, სანამ ბოლოს ფეხით არ შეეხება ფსკერს… „საბა ავტორი“ წერდა მოთხრობას, თუ როგორ ეფლობოდა პერსონაჟი საბა ვალებში და რა დღეში ჩააგდეს ის მოვალეებმა…“საბა პერსონაჟი“ კი მიჰყვებოდა თვითგანადგურების პროგრამას – „ზედ უნდა დამ…ან, თესლი უნდა დააქციონ ჩემს თვალწინ ჩემს შეყვარებულს, უნდა ჩავიკლა ყველაფერი ნათელი, უნდა ვუღალატო ჩემს გამზრდელ ქალს, უნდა მივატოვო საწყალი ძმა, უნდა გავხდე ნაძირალა, მოვატყუო მეგობარი, დავემონო კაზინოს და კიდევ იმაზე მეტიც ჩავიდინო, ჩვილი მოვაკვლევინო მუცელში…“ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი თვითგანადგურების პროგრამით დამწერა მე დედამ გაჩენის დღეს, ჩემმა ავტორმა – ესაა ჩემი ერთადერთიი რწმენა.
როდესაც საბამ უფსკრულს ფსკერს ფეხი დაადგა, „უნდა“ გაახსენდა… ესეც ინსტიქტურად, რადგან საბა პერსონაჟის ეს „შინაგანი იძულების „უნდა“ იყო ტკივილების დაამების ერთადერთი გზა – „თვითგადარჩენი ინსტიქტი“… და მწერალმა საბამ და პერსონაჟმა საბამ, ერთობლივად გააცნობიერეს, რომ კიდევ მეტი შიშები და ტკივილები იყო საჭირო, რომ საბა პერსონაჟს ეხსნა საბა „მწერალი“. „წერა“ ამ წიგნის სამყაროში ერთადერთი რეალური მოცემულობაა… და ავტორმა შექმნა სისტემა, სადაც პერსონაჟი იძულული იყო ეწერა. გარედან მოსული ძალადობების სერიები საბა პერსონაჟის ამ დაუსრულებელი შინაგანი „იძულების“ წარმოჩენაა. მწერლის მიერ შექმნილი ეს დემონური „სისტემა“, რომელიც ადამიანში პიროვნებას ანადგურებს არის საბას შინაგანი განადგურების ანარეკლი – ქვესკნელში ჩასვლის სახება. მერე ორივე საბამ, თვითგადარჩენის ინსტიქტით ამოძრავებულებმა, ჯერ ფეხები გადაიჭრეს კოჭებში, მერე ხელები დაიჭრეს, ყურების აფსკები დაიხეთქეს და თვალებიც ამოითხარეს რომ მხოლოდ მჯდარყვნენ და ეწერათ – იქნებ როგორმე საკუთარი თავის განადგურების პროგრამა თავიდან გადაეწერათ.
***
შუა ცეკვა.
თვითგადარჩენის ინსტიქტი ეს ის პირველი სუნთქვაა ჩემიხორცნაჭამი მართვე რომ ამოისუნთქებს, როდესაც კლდიდან გადმოგდებული მშობლების, ანუ ღმერთებს მიერ განწირული, მათ აუჯანყდება და განუდგება და მერე, რაღაც ამ დალოცვილი და ზებუნებრივი თვითგადარჩენის ინსტიქტის ძალით უმწეო ფრთების ამოძრავებით გადარჩენილი და მიწაზე ფეხდადგმული ღრმად რომ ამოისუნთქებს. ზოგი მართვე კი ამ უმძიმესი ტკივილის წამის მეათედში გააცნობიერებს, რომ კლდიდან ღმერთებმა გადმოაგდეს და დამორჩილდება (!), არ აუჯანყდება ღმერთებს, არ შეებრძოლება მათ – დაყვება მათ ნებას და თვითგდარჩენის ნაცვლად, თვითგანადგურების ინსტიქტით ამოქმედებული მკვდარი დაენარცხება კლდის ციცაბოზე.
ან თუნდაც ეს ის ინსტიქტია ქალს რაც აიძულებს აცდუნუს ყველა კაცი ამ სამყაროში, რადგან ასე მაინც დაიოკოს თავისი პირგამეხებული შურისძიების გრძნობა კაცთა მოდგმაზე და გამრავლდეს…
ან იქნებ ეს ის ინტეგრალია, რომელიც თვით ფორმულად გაქცევს, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგო… ან იქნებ ეს ის ძალაა, რომელიც გახეიბრებს, გასახიჩრებს, რომ სულ იწვე და წერო… ან იქნებ ეს ყველაზე აღვირახსნილი სექსია, დაუსრულებელი ორგაზმით, რომ დაივიწყო მანამდე და მერე არსებული ყველა ტკივილი …
ან ბოლოს და ბოლოს, იქნებ თვითგადარჩენის ინსტიქტი ეს მილიონში ის ერთი სპერმაა, რომელიც „ძალადობით“ გაიკვლევს გზას, ყველას და ყველაფერს გაანადგურებს, რომ იმ ერთ კვერცხუჯრედს შერწყას, საიდანაც მერე სიცოცხლე დაიბადება…
იქნებ ეს თვითგადარჩენის ინსტიქტია თვით ღმერთი? ჩემი ხორცნაჭამი პატარა არწივის ახლადგამობმული ფრთების მოქნევაა ეს ინსტიქტი …
რომ იცეკვო, უნდა უძრაობას შეერწყა; ხოლო უძრაობას რომ ეზიარო — უნდა იცეკვო
და მაინც რაზეა ეს მოთხრობა? დემონურ სისტემაზე რომელიც პროვნებას ხორცის გროვად აქცევს? სამყაროზე, რომელიც ტკივილებზე დგას, როდესაც სიყვარული ქრება? იმაზე, თუ როგორ ქმნის მწერალი თავისი თავისგან ღმერთს? ან იქნებ იგია იძულებაზე და მიტაცებაზე, სამოთხის კარის ძალით შენგრევაზე…
ამასობაში, თავისივე შემნილი სისტემის მიერ ნაწილ-ნაწილ დასახიჩებული საბა, ნელ-ნელა იკვეთს ყველაფერს, რაც მას ადამიანობასთან აკავშირებდა, რომ დარჩეს მხოლოდ „წერა“ და წეროს დაუსრულებლად… ისევე როგორ მონაზონი მოაკვდინებს სხეულს სასუფევლისთვის. ასკეტი მონაზვნები ღამით კუბოში წვებიან რომ ადამიანობიდან გასვლის პროცესს დაუახლოვდნენ, იოგი ბერები მდუმარებაში ჩერდებიან რომ მათი სხეული უძრაობაში დარჩეს, სუფი დერვიშები ტრიალებენ და ტრიალებენ, რომ ამ ტრიალში გაშეშდნენ სამუდამოდ … ეს “ძალადობა” საბას ასკეტური გზაა რომ სულიერ ცეკვას შეერწყას – “უსასრულო წერას”, ზუსტად ისე, როგორც უწყვეტ ცეკვაში ერწყმებიან დევრიშები ღმერთს და უწყვენ ლოცვაში, მონაზვნები – სასუფეველს.
და აი საბა ამერიკაშია, უკვე თითქმის განივთებული ტახტრევანზეა დააბრძანებული და ტაშის კვრითა და „დაფნის გვირგვინით“ ამკობენ მას „ნივთების სამოთხეში“…
საბამ “ძალით მიიტაცა სამოთხე“. ეს მიტაცება საღვთო აქტია, ახალმა აღთქმამ დაამტკიცა ეს იძულება, როგორც განღმრთობის გზა: „იოანე ნათლისმცემლის დღეთაგან დღემდე სასუფეველი ცათა იიძულების, და იძულებით შემსვლელნი იტაცებენ მას” (მათეს სახარება, თავი 11, მუხლი 12)
ფორმულა, ამ წიგნში ამოხსნილი.
ეხლა შევჩერდეთ და შევაჯამოთ. ამ „ღვთაებრივი იძულების“ ფორმულა ორი კომპონენტისგან შედგება: პირველი კომპონენტი ისაა რისგანაც გარბიხარ – თვითგანადგურების პროგრამისა და შიშებისგან (რომელიც გამოხატულია გარედან წამოსული შიშებში, იქნება ეს, ვალები, სამსახურის დაკარგვა, დიდების დაკარგვა, საყვარელი ადამიანის სიკვდილი და ა.შ. შიშები) და მეორე – რისკენაც მირბიხარ – უძრაობაში, გაჩერებულ დროში, სიკვდილის არ არსებობაში, როგორც დროის დროის მიღმა მოძრაობაში, „სამოთხეში“ (სხვადასხვა მატერიალურ განზომილებაში ეს შეიძლება იყოს ლატარეაში გამარჯვება, ამერიკაში გადასახლება, დაწინაურება, ცოცხალი გადარჩენა თუ სამოთხეში მოხვედრა და გასხივოსნება)…
ხოლო ის, რაც ამ ორი კომპონენტის ტოლობას ქმნის – არის ტრანსფორმაციის გზა – საკუთარი გენეტიკური კოდის გადაწერის და საკუთარი თავის ახალი პროგრამით გაცოცხლების გზა. ფორმულა ხსნის თუ როგორ ქმნის პერსონაჟი საბა მწერალ საბას, რადგან ნაღდმა მწერალმა არასდროს იცის როგორ მოთხრობას დაწერს საბოლოოდ და რას იზამენ მისი პერსონაჟები, ის მხოლოდ ტკივილს გრძნობს და წერს, რომ გადარჩეს … მერე ეს პერსონაჟები მას უხსნიან მდუმარების, უძრაობის, დროის მიღმა გასვლის საიდუმლოებას.
ეს წიგნი სწორედაც რომ ამ გზის შესახებაცაა – თუ როგორ შექმნა პერსონაჟმა საბამ მწერალი საბა და მწერალმა საბა კი მკითხველი საბა. როგორ შემოაძრო პერსონაჟმა საბამ მათ, მწერალ და მკითხველ საბას შიშების საფარი, როგორ ააგლიჯა მათ სხეულიდან კანი ფენა-ფენად და როგორ გარდაქმნა პერსონაჟმა საბას თვითგანადგურების ინსტიქტი თვითგადარჩენის ინსტიქტად, რომელმაც მერე „სამოთხე მიიტაცა“…
სისტემა, რომელშიც მე დედა მოვკალი (პირველ პირში დაწერილი).
სიამოვნებით მოვკლავდი დედაჩემს ჩემს გაჩენამდე, რომ მას მე არ გავეჩინე, მაგრამ მე დედამ მაინც გამაჩინდა და ეხლა მწერალ საბას მთელი სისტემის შექმნა სჭირდება რომ მე, ადამიანობადაკარგულმა პერსონაჟმა საბამ დედა პულსის ატოკების გარეშე მოვკლა…იქნებ რომ მოვკლავ, მერე მაინც აღარ მიყვარდეს და მენატრებოდეს, იქნებ მერე მაინც ჩავეხსნა… და მე, მწერალმა საბამ იოვანინას სიკვდილში ჩემი დედა მოვკალი ბოლოს და ბოლოს …
არასოდეს დაბრუნდება დედა ამერიკიდან, ამიტომ მე თვითონ უნდა ჩავიდეს ამერიკაში, ვითომ უნდა ვწერო, სინამდვილეში დედა უნდა ვიპოვო, ჩავხედო თვალებში და ვკითხო, სად ჩაკეტა ჩემი სული… დამიბრუნეეე დედა სული… დიახ, ამიტომ დავიწყე თამაში, ამიტომ მივეჯაჭვე ეშმაკს, რომ დედამ გამწირა ამ ტკივილებისთვის. იქნებ ნაწილ-ნაწილ ასე დასახიჩრებულს რომ მნახავს, მერე მაინც შევეცოდო და ამ საცოდაობის ძალით მოვიდეს და მომძებნოს? საცოდაობა ხომ ბუნებრივი განცდაა, რომელიც ადამიანებს უბრალოდ უჩნდებათ, მერე ეს ძალიან აწუხებთ და გმირობებს სჩადიან, მერე მათ სხვა ადამიანები გმირებს არქმევენ. იქნებ ამან მაინც გაჭრას… იქნებ დედაჩემი გმირი გახდეს… დედააააააა…
მე თვით დედის უსასრულო დევნად გადავიქეცი და ვიცი, ეს ტკვილი არასოდეს დასრულდება, ისე როგორც არდაბადებული შვილების კოლბაში ჩამხრჩვალ სხეულებს არასოდეს ჩაიკრავს გულში მათი დედა… დედამ გაგვწირა…
ჩემი სული დედის დევნის უნუგეშო სევდაში განზავდა… ოოო, ეს მისტიური სევდაა, ეს სევდაა თვით სისტემის მატრიცაში გამომწყვდეული კაცობრიობა, დასახიჩრებული და დაკოდილი… არც ნივთი და არც ადამიანი… სადღაც შუაში დატყვევებული …
მაინც არ მომაკითხა დედამ, მან მე გულიდან ამომიგლიჯა და დავრჩი მარტო … ამ მარტოობამ დამიკარგა ადამიანის სახე, სულიერმა ტანჯვებმა დამისახიჩრა სხეული… მერე ვიპოვე ჩემნაირი დასახიჩრებული ხალხი და ავირჩიე ერთი გოგო, რომელიც კიდევ უფრო დავასახიჩრე სულიერად, ისე ვიმგვანე… ამით ცოტა დავწყნარდი… მე ისეთი ტკვილი მივაყენე მას, რაც მე მომაყენეს, რომ ჩემი გამეყუჩენიბა და ასე ჩავსახე ბავშვი იოვანინას საშოში…
და მე კვლავ და კვლავ მელანდება კოლბაში ვერდდაბადებული თუ დაბადებული და დედების მიერ დახოცილი ბავშვების წითელი სისხლით შეღებილი სხეულები განმეორებას სიზმრებად…ისევე როგორც ახალგაზრდ გოგოს სურათი პატარა ბავშვით ხელში…
იოვანინამ უკიდურებო შვილი გამიჩინა და მოკვდა… ამ გოგომ მიიღო ის, რაც უნდოდა…დედობა… მე მომატყუა, მთელი სისტემა მოატყუა და ისიც გაღმერთდა… იოვანინა ადამიანიცაა და ნივთიც და შვილიც გააჩინა, უკიდურებო… კარგია რომ უკიდურებო გააჩინა, მაინც ხომ დასჭირდებოდა მას კიდურების დაჭრა, როდესაც გაიზრდებოდა. ჰოდა, უკვე მუტირებული, “მარადიული მწერალი” დაიბადა… აჰა, მაგასაც მოვესწარი…
ჩემ შვილსაც არ ეცოდინება დედა, რადგან დაბადებითვე უდედოა, ჩემსავით …
მე კი, მე ეს მეორე თვალიც უნდა ამოვითხარო ან ტვინი გავაშეშო და ეგაა… მიზანთან ახლოს ვარ, სულ ახლოს… რომ გავნივთდები და ამით ღმერთს დავამარცხებ, მერე მე საბეჭდ მანქანას სულს ჩავბერ და მე, კაცობრიობა თაყვანს მცემს, როგორც თვით გამატერილიზირებულ “უსასრულო წერას” – საბეჭდ მანქანას. მე დედა აღარ მომენატრება – იმიტომ რომ მე თვით მოვიჭრი ჭიპლარს, მე თვითონ გადავიჭრი კისერზე შემოხვეულ მახრჩობელა ბაწარს, რომლითაც შიშებისა და ტკივილების, ცრუ თუ ნამდვლი იმედების შხამით ნელ-ნელა მასუსტებდა ახალგაზრდა დედა იმ ფოტოდან და ამირანივით უსასრულო მიჭაჭვულობით მწამვალდა – მე დედას შევიზიზღებ და ამით გადავრჩები. მე დედა აღარ მომენატრება როგორ ბუდიდან გადმოგდებულ მართვეს აღარ მოენატრება დედა… მე კიდევ ჩემი ლეშით გამოვკვებავ იოვანინას ხორცების გროვიდან გამოძრობილ ჩემს უკიდურებო შვილს და მერე მევე ვკრავ ხელს რომ ბუდიდან გადმოვაგდო… მაგრამ ის მიწაზე არ დაენარცხება, რადგან მას ჩემი ხორცი ექნება ნაჭამი, არამედ ზემოთ აფრინდება, ზემოთ და ზემოთ, უსასრულობაში…
და უთხრა ღმერთმა იაკობს – “არა იწოდებოდე სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაელ”…
“საბა 1812მა მარტო იგრძნო თავი, ალბათ ასე მარტო გრძნობს თავს ყველ ადამიანი, ვინც მთვარეზე მიფრინავს, არავინ იყო ირგვლივ…არავინ აღარ არსებობდა… ყველა საბოლოოდ გაქრა…”
საბამ მარტო ეცვა ჯვარს სიკვდილამდე…
“და დარჩა იაკობი მარტოჲ.
და იბრძოდა მასთან კაცი ერთგანთიადამდე.
და იხილა, ვითარმედ ვერ სძლია მას, და შეეხო სახსარსა ბარძაყისასა მისისა,
და განირყა სახსარი ბარძაყისა იაკობისაჲ ბრძოლისა მისისა.
და უთხრა: განუტევე მე, რამეთუ აღმოიწია განთიადი.
ხოლო მან თქვა: არა განუტევო შენ, უკუეთუ არა მაკურთხო მე.
და უთხრა მას: არა იწოდებოდე სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაელ,
რამეთუ ღმერთსა ებრძოლე და კაცთა, და სძლიე.” (ძველი აღთქმა, დაბადების წიგნი, თავი 32)
იქნებ საბას განივთების პარადიგმა ეს იგივე იაკობის გაისრაელებაა. ადამიანის ტვინით შექმნილი ქაოსიდან, ანუ „მაიადან“ ნულად, არაფრად, ნივთად, ქვად და რკინად გარდასახვაა ის ფუნდამენტური ლოგიკა, რომლითაც წიგნის რეალობას ამოვხსნით…
და ბოლოს, როდესაც საბამ დაამარცხა ღმერთი, უთხრა ღმერთმა საბას, ყველას ვისაც მანამდე დაუწერია და ყველა, ვინც ამის მერე დაწერს, შენი სულის ნაწილი იქნება…
და საბა გახდა თვით „წერა“… როგორც იაკობი – ისრაელი – როგორც ადამიანობასა და განულებას შორის დაუსრულებელი პროცესი – საბასა და „საბეჭდ მანქანობას“ შორის გზა – „წერა“, როგორც ღვთაებრივ ხელოვნებასთან ზიარების აქტი – ადამიანად ყოფნის აუტანელი სევდით მოგვრილი ტკივილების დაყუჩების ერთდერთი გზა …
საბას ანდერძი.
მე რომ მოვკვდები, დაპრესეთ ჩემი სხეული, ის ძალიან პატარა იქნება, რადგან მე აღარც ვჭამ, აღარც ვსვამ, აღარც მცივა და აღარც მიყვარს, გული აღარ ექნება ჩემს ლეშს, რადგან ის უკვე გახმა…, მერე დააოთხკუთხედეთ და კალვიატურები მიუმაგრეთ გვერდებში და საბეჭდ მანქანად დამდეთ… მე რომ მოვკვდები, ეს საბეჭდი მანქანა დარჩება როგორ განსხეულებული სიმბოლო იმისა რაც ვარ მე – არც ღმერთი, არც ადამიანი, არც ნივთი, არც კარგი, არც ცუდი, არც არაფერი და არც ყველაფერი, მე ვარ „უსასრულო წერა“…
დასასრული.
საბა დედას ვერასოდეს იპოვის და ამ ვერდაყუჩებული სევდის გამო მოკვდება იოვანინა.
საბა განივთდება, ანუ განულდება უსასრულობაში.
ღმერთი კი სიტყვად ამოთქვამს განივთებულ საბას საბეჭდ მანქანაში, რომელზედაც მერე პატარა გოგო დაბადებიდან დამახინჯებულ სულს განიკურნავს წერით და თავის თავს დიდ მწერლად გადაწერს.
იოვანინა საბას დედა იქნება – არც ნივთი და არც ადამიანი, რადგან ის ქალია, ის არსად და თან ის ყველგან იქნება …
კოლბაში დაბადებულ მუტირიბულ ბავშვებს უკვე აღარ ექნებათ ხელფეხი, შესაბამისად, მათი მოკვეთა აღარ იქნება საჭირო, ანუ ექსპერიმენტმა გაამართლა.
ამ დროს, ნეიკო ხელს კრავს თავის შვილს და ბუდიდად გადმოაგდებს პატარა, სუსტ, ნაზ, მოსიყვარულე თავისი პირმშოს. ბავშვს საბას ხორცი ექნება ნაჭამი, ნეიკო შეზიზღდება და ამ დროს ფრთები გამოეზედება მოკვეთილი კიდურების ადგილებიდან, მერე გაშლის ამ ფრთებს და აფრინდება ზემოთ, ზემოთ, უსასრულობაში, უძრაობაში ნამდვილ მამასთან და დედასთან – ღმერთთან, უდროობაში, რომ იქ მან წერა ისწავლოს, მერე უკან დაბრუნდეს და წერით განკურნოს ტკივილებით და სევდით დასახიჩრებული ადამიანები…
ბოლო ცეკვა.
მე რომ მოვკვდები, ამიტანეთ ზემოთ მთის მწვერვალზე, დაე მზემ კარგად გამომაშროს, მერე არწივები დაძღდნენ ჩემი ლეშით და დააძღონ თავიანთი მართვეები, რომელებიც მერე ბუდიდან გადმოცვივდებიან და ყველა უკვებლივ, ყველა გაშლის ფრთებს ვისაც ჩემი ლეში ექნებათ ნაჭამი და ეს ფრთები მათ აიტაცებს ზემოთ, ზემოთ უსასულობაში საიდანაც უმაღლესი მთის მწვერვალიც კი წერილისოდენადაც აღარ გამოჩნდება … და მაშინ ვიგრძნობ მე თავისულფებას, მაშინ დავწყვეტ მე დროის დაწყევლილ არტეხებს … და მას, ერთს, მდუმარე მარადისობას შევუერთდები უძრაობის ცეკვაში…