როცა გაკვეთილი საოცრად იწელება

როცა გაკვეთილი საოცრად „იწელება“

როდესაც ახალ საქმეს დააპირებ, დასაწყისი ყოველთვის ადვილია  – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. პირველ დღეებში ყველაფერი თითქოს შესანიშნავად გამოგდის: მოსწავლეები გაღიმებული გხვდებიან, გაკვეთილზე ჩუმად სხედან, ახალ ამბებს გიამბობენ და შენც გგონია, რომ ყველაფერი კარგადაა. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ რაღაც იცვლება – თითქოს ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნი, ყველა ძალისხმევა ქრება და ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ  ინტერესით გისმენდნენ, ახლა უფრო ხშირად იყურებიან ფანჯარაში და სრულ ინდეფერენტულობას იჩენენ. ეს ის ეტაპია, რომელსაც ყველა მასწავლებელი გადის – და ხშირად სწორედ ამ დროს წყდება, დარჩება თუ არა ბავშვი წიგნთან, შეიყვარებს კითხვას, თუ  წიგნი მისთვის სადამსჯელო იარაღად გადაიქცევა.

1. მოტივაციის დაღმავალი პერიოდი

მახსოვს, ერთ დილით, როცა გაკვეთილზე შევედი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს საკლასო ოთახში ჟანგბადი აღარ იყო. ბავშვები ჩუმად ისხდნენ, მაგრამ ამ სიჩუმეში იყო რაღაც მძიმე, დაღლილობისა და მობეზრების განცდა.

– დღეს რა გემართებათ? – ვიკითხე.

– არაფერი, უბრალოდ დავიღალეთ, – მიპასუხა ერთმა მოსწავლემ.

– რისგან დაიღალეთ?

– ყოველდღე ერთსა და იმავეს ვკითხულობთ!

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ პრობლემა წიგნში კი არა, არამედ ის იყო, რომ კითხვა მათთვის ერთფეროვანი გახდა. მასწავლებლისთვის ეს მომენტი ყველაზე სახიფათოა – როცა ფურცელი ზოზინით იშლება და მასაც, დახურვა უწევს. ასეთ დროს მასწავლებელმა უნდა იპოვოს გზა, რომ აღსაზრდელების ინტერესის „ჩამქრალი ძრავა“ კვლავ მოქმედებაში მოიყვანოს.


2. რატომ იწელება ფურცელი

წიგნი არასდროს არის მხოლოდ წიგნი. ის ცოცხალი ურთიერთობაა მკითხველსა და ტექსტს, წიგნის მოყვარულსა და ავტორს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.  როდესაც ეს კავშირი დროებით სუსტდება, ბავშვს ეჩვენება, რომ წიგნი აღარ “ესაუბრება”. სინამდვილეში, სწორედ ამ დროს უნდა ისწავლოს მოსწავლემ დამოუკიდებლად ფიქრი და გააცნობიეროს კითხვის მნიშვნელობა.

ეს გასაგებია, მაგრამ როგორ მივიყვანოთ აქამდე?

მე აღმოვაჩინე სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოსწავლეს შეიძლება კითხვა მობეზრდეს:

  1. რიტმის დაკარგვა – გაკვეთილები ერთი და იგივე ფორმატით მიმდინარეობს;
  2. შინაგანი მიზნის გაქრობა – აღარ იცის, რატომ კითხულობს;
  3. მის მიერ გამოთქმული აზრის მნიშვნელობის დაკარგვა – როცა აღარ უსმენენ და აღარც  კითხვებს უსვამენ.

ამ სამიდან  ყველაზე საშიშია მესამე მიზეზია. ბავშვი, რომელსაც აღარ ესმის საკუთარი ხმა, მალე საერთოდ აღარ მოისურვებს ფიქრს. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როცა შევატყობდი, რომ წიგნის კითხვა ბეზრდებოდათ, მათი თვითდაჯერების განცდის გამძაფრების საშუალებებს ვეძებდი.

3. კითხვა როგორც შინაგანი დიალოგი

ერთხელ, როდესაც კითხვის პროცესს ლამის საკუთარ თავებზე ძალადობის ელფერი მიეცა, ვთხოვე თითოეულ მოსწავლეს, დაეწერა – „რომელი პერსონაჟის დახასიათებას და შეფასებას ისურვებდა ყველაზე მეტად და რატომ“. თავდაპირველად  ორიოდე, მშრალ წინადადებას ძლივს გაართვეს თავი. შემდეგ დავამატე მეორე პირობა – „ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს პერსონაჟი თქვენ გწერთ წერილს“.

სიტუაცია წამში შეიცვალა და მათი ტექსტები თვალის დახამხამებაში გაცოცხლდა. ერთმა გოგომ დაწერა, თითქოს შორენა კოლონკელიძისგან  მიიღო წერილი, რომელშიც უკრძალავდა საკუთარ შეცდომებზე ფიქრს და ურჩევდა, მეტი ეცინა ცხოვრებაზე. ერთმა ბიჭმა კი დაწერა, რომ ჰამლეტმა გაუგზავნა ბარათი: „შენი გადაჭარბებული ფიქრი ზუსტად ისეთივე ტყვეობაა, როგორშიც მე ვიყავი“.

ეს იყო ფურცლის გათავისუფლება – ბავშვები მიხვდნენ, რომ ტექსტი შეიძლება იყოს ცოცხალი საუბარი და არა მონოლოგი.

4. ინტერვალები და ემოციური ამოსუნთქვა

ხშირად მასწავლებლები ფიქრობენ, რომ მოტივაციის შესანარჩუნებლად  კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა იმუშაონ, მაგრამ სინამდვილეში ზოგჯერ ბავშვს სჭირდება… მობეზრება.
რამდენჯერმე სპეციალურად შევწყვიტე კითხვის გაკვეთილი და მოსწავლეებს ვკითხე: – აბა, ვინ რა აზრი გამოიტანა წინა გაკვეთოზე წაკითხული წიგნიდან?

უცნაურია, მაგრამ იმ დღეს ყველაზე მეტმა ისაუბრა. მაშინ მივხვდი, რომ ზოგჯერ დასვენებაც სწავლებაა. როცა მოსწავლეს დროს მისცემ, ის ფიქრს იწყებს და ფურცელი თავისით იშლება მორიგ გვერდზე.

5. როცა მასწავლებელი დაიღლება

დაღლილობის მთავარი პარადოქსი ის არის, რომ გადამდებია. თუ მასწავლებელს აღარ სჯერა, რომ წიგნის კითხვის პროცესი შედეგს მოიტანს, მოსწავლეც ზუსტად იმავეს გრძნობს.

თვითონაც ბევრჯერ გამინელდა ენთუზიაზმი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეგონა, რომ ბევრი რამ უკვე ვისწავლეთ და გავიგეთ. თუმცა მოულოდნელად ერთმა ბავშვმა მკითხა:

– თქვენ რომ პატარა იყავით, წიგნს რატომ კითხულობდით?

ამ კითხვამ ფეხზე წამომაყენა, რადგან ვერ მივხვდი, რა მეპასუხა. სიამოვნებისთვის? ცოდნისთვის? იმიტომ რომ სხვებმაც კითხულობდნენ?

ის ვუპასუხე გულწრფელად, რაც პირველად ენაზე მომადგა: – იმიტომ ვკითხულობდი, რომ მარტო არ ვყოფილიყავი! – ეს პასუხი აღმოჩნდა ყველაზე სწორი განმარტება, თუ რატომ გვჭირდება წიგნი საერთოდ.

6. როცა ბავშვი სწავლობს საკუთარ სიჩუმეს

როდესაც წიგნი ზოზინით იფურცლება, ბავშვი პირველად ეჩვევა სიჩუმეს – იმას, რაც კითხვის პროცესში ყველაზე ძვირფასია. თავიდან ამ სიჩუმეში მოიწყენს, შემდეგ კი   საკუთარი ფიქრის, შინაგანი სამყაროს, იმ ემოციების მოსმენას იწყებს, რომლებიც მანამდე ხმაურში იკარგებოდა.
ეს სიჩუმე კითხვის პროცესს თვითშემეცნებად გადააქცევს.

7. შედეგი – როცა ფურცელი ზოზინით აღარ ილება

სიჩუმის ეტაპის გადალახვის შემდეგ წიგნი  „სუნთქვას იწყებს“. მოსწავლეები თავად გეკითხებიან, რა წაიკითხონ შემდეგ, სვამენ კითხვებს, ზოგჯერ კამათობენ კიდეც და ეს კამათი უკვე შემეცნების ნაწილია. და მაშინ ხვდები, რომ ის ტალღა, რომელიც თითქოს აიზიდა შენს წინააღმდეგ, სინამდვილეში  შენი მოკავშირე გახდა.

დასკვნა:
„როცა ფურცელი საოცრად იწელება“ – ეს არ არის მხოლოდ მოზარდის გადაღლის მიზეზით. ეს გახლავთ მასწავლებლის გამოცდა: შეძლებს თუ არა, მოსწავლეებს წიგნი მხოლოდ უბრალო საგნად კი არა, ცოცხალ არსებად დაუსახოს, რომელიც მოითმენს, შეყოვნდება, მაგრამ ბოლოს ისევ „დაიწყებს სუნთქვას“ – ოღონდ მხოლოდ მასთან ერთად, ვინც არ დანებდა.