როგორ უნდა შევარჩიოთ წიგნი ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის წიგნის შერჩევა ბევრ მშობელს ხშირად  იმავე მიზეზით ეშლება, რის გამოც ზოგჯერ  მეგობრისთვის საჩუქრის შერჩევა გვიჭირს. ჩვენ ვირჩევთ იმას, რაც თავად მოგვწონს და არა იმას, რაც მას სჭირდება.

სწორედ ამიტომ, სანამ ბავშვს წიგნს მიაწოდებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვისთვის ვარჩევ ამ წიგნს ჩემთვის თუ მისთვის?

1. წიგნი ასაკით არ იზომება

ხშირად ვამბობთ: ეს წიგნი პატარებისთვისაა, ეს კი შედარებით მოზრდილებისთვის, მაგრამ წიგნს არ აქვს „პასპორტი“.

შვიდი წლის ბავშვს შეიძლება უფრო ღრმად ესმოდეს მცირედის სიბრძნე,  ვიდრე თხუთმეტი წლისას – დიდი ტექსტის ფილოსოფია.

შერჩევისას მკითხველის წლოვანება მხოლოდ ტექნიკურ საზომს წარმოადგენს. გაცილებით მნიშვნელოვანი მისი „სულიერი ასაკია“.

ზოგ ბავშვს სჭირდება ზღაპარი, ზოგს – კომიქსი, ზოგს კი, უბრალოდ მხიარული განწყობის შექმნა. წიგნი იმას უნდა აძლევდეს, რის ნაკლებობასაც იმ მომენტში განიცდის და არა იმას, რაც „სკოლის ასაკისთვისაა რეკომენდებული“.

2. პირველი წიგნი არ უნდა იყოს მძიმე

პირველი გამოცდილება ხშირად მთავარი განმსაზღვრელია. თუ ბავშვს პირველი წიგნით თავს მოაბეზრებთ, მხოლოდ ამ ტექსტს კი არა, კითხვის სურვილის გაჩენის შანსსაც დააკარგვინებთ.

პირველი წიგნი უნდა იყოს ისეთი, როგორიც პირველი მეგობარია: საინტერესო, გულწრფელი, ცოტა იუმორისტული და იოლად აღსაქმელი. არაფერი კლავს ინტერესს ისე სწრაფად, როგორც იძულებითი კითხვისაგან მიღებული პირველი შთაბეჭდილება. თუ წიგნი პირველივე გვერდიდან არ გააღიმებს, გააოცებს, ან გააღიზიანებს ბავშვს ის ვერ მიიზიდავს.

შეარჩიეთ ისეთი ტექსტი, სადაც ბავშვს ექნება ემოციური რეაქციები – გულწრფელი სიცილი, პროტესტი, აღფრთოვანება და არა მოწყენილობის განცდა.

3. წიგნი კედელი კი არა, ხიდი უნდა იყოს

მშობლები ხშირად ერიდებიან მარტივი შინაარსის წიგნების: ეს ხომ ზედმეტად საბავშვოა, რა ისწავლის აქედან? თუმცა „მარტივი წიგნი“  მხოლოდ ზედაპირულს არ ნიშნავს. ზოგიერთი ასეთი  წიგნი სწორედ ის ხიდი გახდება, რომელიც ბავშვი უფრო რთულ ტექსტებამდე მიიყვანს

წიგნის შინაარსმა ბავშვში შიშის კი არა, მიზიდულობის განცდა უნდა აღძრას. როცა პატარა ერთხელ მიხვდება, რომ წიგნის კითხვა სასიამოვნო და მიმზიდველია, ის თავად მოიძიებს შემდეგს – უფრო ღრმას და დამაფიქრებელს.

4. წიგნი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ტემპს

თუთოეული ბავშვი საკუთარი რიტმით კითხულობს. ზოგს  ერთ გვერდზე ათი წუთი სჭირდება, სხვა კი, იმავე რაოდენობას ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს.

წიგნის შერჩევის დროს ბავშვის სააზროვნო ტემპის უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ის ნელა ფიქრობს ისეთი ტექსტი უნდა შეირჩეს, რომელშიც მოქმედება შედარებით მდორედ ვითარდება. ცელქ ბევშვებს კი, ისეთი წიგნი არ უნდა შესთავაზოთ, სადაც ერთ აბზაცში სამი სიმბოლოა და კიდევ უფრო მეტი მეტაფორა.

5. არ იფიქრო, რომ იუმორი უაზრობაა

ბავშვები ყველაზე კარგად  სიცილით სწავლობენ. წიგნი, რომელიც მათ ამხიარულებს,
ხშირად უფრო ღრმად რჩება მეხსიერებაში, ვიდრე „სერიოზული სიბრძნის“ შემცველი შინაარსები. იუმორი სიბრძნისკენ მიმავალი ბილიკია. როდესაც ბავშვი კითხვის პროცეში იცინის, მისი გონება სერიოზული აზრის მისაღებად მზადაა. წინა თაობებში არსებობდა წარმოდგენა, თითქოს „სერიოზული“ ლიტერატურა უფრო ღრმა აზრს ატარებდა და სიცილი მხოლოდ დროის გაფლანგვა იყო. მაგრამ სინამდვილეში, ბავშვი, რომელიც კითხვის პროცესში გულწრფელად იღიმება, უფრო ღრმად უკავშირებს საკუთარ გონებას ტექსტის არსს.

იუმორი ბავშვში ქმნის უსაფრთხო და მხიარულ გარემოს. როცა პატარა მკითხველი ეცნობა კომიკურ სცენას, მისი ცნობიერება ნელდება და ემზადება სიღრმისეული აზრების მიღებისთვის. გულწრფელი სიცილი თითქოს  ხსნის იმ უხილავ კარს, საიდანაც შემოდის ცოდნა, ინტერესი და კითხვის გაგრძელების სურვილი. ამიტომაც, წიგნი, რომელიც ბავშვში ღიმილს იწვევს, ხშირად საკმაოდ დიდხანს რჩება მეხსიერებაში.

იუმორი არ არის უაზრობა – ეს არის სიბრძნისკენ მიმავალი ბილიკი, რომელსაც ბავშვი თავად ირჩევს. და როცა ამ გზაზე ერთხელ მაინც გადადგამს ნაბიჯს, მისთვის სწავლა ხდება არა ნომრებითა და წესებით სავსე მოვალეობა, არამედ ბუნებრივი, ადამიანური და სასიამოვნო პროცესი. სწორედ ასე ყალიბდება კითხვისადმი სიყვარული: სიცილით დაწყებული, ინტერესით გაგრძელებული და შინაგანად გამყარებული.

6. ნუ აიძულებ ბავშვს  კლასიკური ლიტერატურის სიყვარულს

კითხვასთან დაკავშირებული მოტივაციის ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბავშვისთვის კლასიკური ლიტერატურის ადრეულ ასაკში და ძალდატანებით შეთავაზებაა. კლასიკოსთა ნაწარმოებების გაცნობა, რა თქმა უნდა, აუცილებელი ეტაპია მისი ინტელექტუალური განვითარებისათვის, მაგრამ ეს ეტაპი  მაშინ უნდა დადგეს, როდესაც ბავშვი შინაგანად მზად იქნება რთული და ღრმა ტექსტის მისაღებად. მსოფლიო კლასიკოსები ბავშვისთვის სასურველ და საინტერესო სტუმრებად უნდა იქცნენ.

პედაგოგიურ პრაქტიკაში ცნობილია, რომ იძულებით წაკითხული კლასიკური ლიტერატურა ხშირად ბადებს წინააღმდეგობას, რომელიც არა მხოლოდ უშლის ხელს კონკრეტული ტექსტის ათვისებას, არამედ ზოგადად ამცირებს კითხვისადმი ინტერესს. ამის ერთ-ერთი მიზეზია კლასიკოსთა რთული ენობრივი სტრატეგიები, თემატური სიმძაფრე, ან ისტორიული კონტექსტები. ეს ყოველივე კი, შესაბამისად მოითხოვს უკვე ჩამოყალიბებულ კოგნიტიურ და ემოციურ მზაობას. ამ მზადყოფნის გარეშე ბავშვი იძაბება და  ნეგატიური განცდა ეუფლება.

სწორედ ამიტომ, საწყის ეტაპზე მიზანშეწონილია ისეთი წიგნის შერჩევა, რომელიც ეხმიანება ბავშვის ინტერესს, შემოქმედებით ბუნებასა და ასაკს. მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება მისი გონება კლასიკური ლიტერატურის გაცნობით მიღებული სიამოვნებისთვის. როდესაც ბავშვი გრძნობს თავისუფლალ არჩევანს და ხედავს, რომ წიგნი მეგობრული გარემოს ნაწილია, ის თავად იწყებს უფრო სიღრმისეული ტექსტების მოთხოვნას. ასეთ პირობებში შექსპირი, ილია, რუსთველი, ან ნებისმიერი სხვა კლასიკოსი მისთვის აღარ არის რთული დავალების სიმბოლო; ისინი იქცევიან ავტორიტეტებად, რომელთა კითხვა არის ბუნებრივი და შინაგანი საჭიროებით ნაკარნახევი ნაბიჯი.

7. ბავშვი „მწერლის ასისტენტი“ უნდა იყოს

წიგნის წასაკითხად საჭირო მოტივაციის გაღრმავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი შემოქმედებით პროცესში ბავშვის ჩართულობაა. თუ შეამჩნევთ, რომ კონკრეტული წიგნი მას განსაკუთრებით მოსწონს, მიზანშეწონილია შესაბამისი კითხვებით ავტორთან დიალოგისთვის სააზროვნო სივრცე გაუხსნათ. მაგალითად, – „შენ როგორ დაასრულებდი ამ ისტორიას?“  სწორედ ამ დიალოგის საწყისი წერტილია. აღნიშნული მიდგომა წიგნის კითხვას აქცევს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების პროცესად, არამედ შემოქმედებით აქტად, სადაც ბავშვი თავს გრძნობს არა პასიურ მსმენელად, არამედ ნაწარმოების თანაავტორად.

როდესაც ბავშვი  სიუჟეტის შესაძლო გაგრძელებაზე იწყებს ფიქრს, ის ბუნებრივად ეცნობა ტექსტის შინაგან ლოგიკას, პერსონაჟთა მოტივაციას, მიზეზ–შედეგობრივ კავშირებსა და ტექსტის სტრუქტურას. ამგვარად ნელ-ნელა ითვისებს იმ საბაზისო პრინციპებს, რომლებზეც  ლიტერატურული აზროვნებაა დაფუძნებული. უფრო მეტიც, ასეთ დროს წიგნი მისთვის აღარ არის დასრულებული, დახურული სისტემა; ის გარდაიქმნება ცოცხალ, მოქნილ სივრცედ, სადაც ფანტაზია და ინტერპრეტაცია სინქრონულად მუშაობს.

ამგვარი ჩართულობა ბავშვზე ორმაგ გავლენას ახდენს: ერთის მხრივ, მხარს უჭერს კოგნიტიურ განვითარებას, რადგან ის იწყებს ტექსტის მრავალ პერსპექტივაში გააზრებას; მეორე მხრივ, ემოციურად ამყარებს მის კავშირს წიგნთან. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ საკუთარი აზრი მნიშვნელოვანია და მისი ფანტაზია არის არა მცდარი გადახვევა, არამედ მიღებული და წახალისებული ნაბიჯი,  საკუთარი შემოქმედებითი თვითდაჯერება უყალიბდება.

ამ პროცესში ბავშვი, ფაქტობრივად, ხდება „მწერლის ასისტენტი“ – პატარა შემოქმედი, რომელიც აგრძელებს ფიქრს იქ, სადაც ავტორის სიტყვა სრულდება. სწორედ ეს განცდა ქმნის ისეთ მყარ, შინაგან კავშირს წიგნთან, რომელიც მომავალში კითხვის შეწყვეტის სურვილს თითქმის შეუძლებელს ხდის.

8. როგორ ვიგრძნო, რომ წიგნი სწორად არის შერჩეული

ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვი კითხულობს და ოთახში ისეთი სიჩუმე ისადგურებს, რომელსაც სიტყვებით ახსნა არ სჭირდება: უბრალოდ ხედავთ, რომ ის მთელი არსებით წიგნის შინაარსშია ჩაძირული. მკითხველი არ ცმუკავს, არ იშმუშნება, არ ოხრავს და თვალს არ აპარებს სხვა საგნებისკენ.

სწორედ ეს სიჩუმე არის ნიშანი, რომ წიგნი მოხვდა იქ, სადაც მისი ადგილი იყო.
არასდროს დაარღვიოთ ეს სიჩუმე, რადგან ბავშვს შეკითხვა თუ გაუჩნდა, თავად მოგმართავთ.

დასკვნა

წიგნის შერჩევა არ არის მარტივი და უბრალო პროცედურა. ამ დროს უნდა მოუსმინოთ ბავშვს, დააკვირდეთ მის ხასიათს, შიშებს, სიცილს და შემდეგ იპოვოთ ტექსტი, რომელიც მის შინაგან განწყობას შეესაბამება. წიგნი, პირველ რიგში, ემოციურად სწორი არჩევანი უნდა იყოს და ის ბავშვისთვის უნდა გახდეს არა დავალება, არამედ ერთ-ერთი სასიამოვნო პროცესი მის ყოველდღიურობაში.