როგორ გხედავთ ნარცისი

ნარცისი ისე ვერ გხედავთ, როგორც სინამდვილეშია, მეტიც, ის საკუთარ თავსაც ვერ ხედავს რეალურად, არამედ ის გხედავთ ისე, როგორც სურს დაგინახოთ და საკუთარ თავსაც ზუსტად ასე – წარმოსახვაში.


როგორ გხედავთ? როგორც მნიშვნელოვან სხვას, თუ როგორც უმნიშვნელო სხვას?

თუ ინტიმური პარტნიორი ხართ, არის კი თქვენ შორის რაიმე ინტიმური?

რას ფიქრობს ის თქვენზე საიდუმლოდ?

ვინაა ნარცისი?

ესაა ტრავმირებული ბავშვი, ვინც მთელ სამყაროს გადამტერებია.

როდესაც ნარცისი პირველად გხედავთ, ის გონებაში ფოტოს გიღებთ და ამ ფოტოზე ფოტოშოპით იწყებს მუშაობას.

ამ პროცესს იდეალიზაცია ეწოდება, რა დროსაც ის თქვენ განდიდებასთან ერთად საკუთარი თავის იდეალიზაციასაც ახდენს.

თუ თქვენ იდეალური ხართ, მაშინ ის თავადაც ფლობს რაღაც იდეალურს და ხდება სრულყოფილი, სავსე. იქნებ უფრო სრულყოფილიც კი, ვიდრე თქვენ წარმოუდგენიხართ.

მაგრამ დროთა განმავლობაში, რეალობა, ხატი იწყებს მსხვრევას, რადგან თქვენ შორდებით მის გონებაში წარმოდგენილ იდეალს და რაკი თქვენი ავატარი შორდება თქვენ რეალურ “მეს”, ნარცისს ეწყება შფოთვა, რადგან ხდება თქვენი მისგან გამოცალკევება და მას კი “სხვად”, განცალკევებულად არ წარმოუდგენიხართ. თქვენ მას ეკუთვნით, მისი ნაწილი ხართ, მისი გაგრძელება.

პირველი რეაქცია, რაც ნარცისს ასეთ დროს აქვს მსუბუქი გაკვირვებაა. მის თავში თქვენ ჯერ კიდევ იდეალური ხართ, შეუძლებელია ის თქვენში შემცდარიყო, როდესაც „გამოგარჩიათ“, ის ხომ უცდომელი და განსაკუთრებულია?

ასეთ დროს, მეორე რეაქცია ნარცისისა გადაბრალებაა. როდესაც გაგიცნოთ, თქვენ იყავით იდეალური და ახლა შეიცვალეთ, რადგან რაღაცამ, ვიღაცამ „გამოგცვალათ“ და ახლა იწყება ამ „მტრების ხატის ძიება“. მისთვის გარესამყარო ისედაც მტრული და საშიშია, ამიტომ ახლა მოსაძებნია პირველადი დარტყმის ობიექტი.

ამის შემდეგ, იწყება მესამე ფაზა: ნარცისი იწყებს დაბრალებების სერიას, რომ თქვენ მას ერჩით, ამ დროს ხდება მთელი თავისი ბავშვობის შიშების თქვენზე პროექცია. ის ფიქრობს, რომ თქვენ მისით მანიპულირებთ, ცდილობთ საკუთარი ძალაუფლების თავზე მოხვევას მასზე და ამით აპირებთ დასაჯოთ „სიყვარულის“ სანაცვლოდ, რომ ცდილობთ მისგან შექმნათ საკუთარი თავის ასლი, რეპლიკა და ასე დაიმორჩილოთ, გატეხოთ. ესაა ეტაპი, როდესაც ის იწყებს საკუთარი თავის ჯერ შეცოდებას, შემდეგ კი გამართლებას იმისთვის, რაც უნდა დაგმართოთ.

თქვენ ნარიცისის არაცნობიერისთვის დედის ხატი ხართ, ამიტომ, საკმარისია გააკრიტიკოთ, შეთავაზოთ რამე ან ურჩიოთ, რომ ის იწყებს თავის დაცვას, ისტერიკას და საპასუხო მოქმედებას.

ახლა იწყება მეოთხე ფაზა: ნარცისი გადმოდის შეტევაზე. ის იწყებს თქვენ შეფასებას. პირდაპირ ან ირიბ დარტყმას გიკეთებთ. ნაწილი ამ შეფასებებიდან შესაძლოა იყოს მართალი, ნაწილი კი სრული დემაგოგიაა, მაგრამ ნარიცისის შემოტევა მრავალი ფლანგიდან მიმდინარეობს, ამიტომ მიზანი ქაოსის შემოტანაა თქვენში, რომ გააჩინოს თავდაუჯერებლობა, არეულობა. დაგაფიქროთ, მოგადუნოთ. ესაა ემოციური საქანელის საწყისი ეტაპიც.

ასეთ დროს იწყებთ ფიქრს: იქნებ მართლაც სასტიკი, დაუნდობელი მანიპულატორი ვარ. სინამდვილეში, თუკი ვინმეა ამ ურთიერთობაში ნარცისი, ეს ვარ მე? იქნებ მართალია, რასაც პარტნიორი მეუბნება და ვერ ვხედავ საკუთარ ბნელ მხარეს?
იქნებ ის მსხვერპლია და მე მოძალადე, მანიპულატორი?

ეს ნარცისის სტრატეგიაა. როგორც კი ეჭვი შემოდის თქვენ ცნობიერებაში, ის იწყებს მსხვერპლის როლიდან თქვენ მართვას. მოგიყვებათ როგორ დაანგრიეთ მისი ფსიქიკა, როგორ გაანადგურეთ პიროვნულად და როგორ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეთ. ამ დროს, ის საკუთარ თავზე გიყვებათ, ოღონდ მსხვერპლი თქვენ ხართ და რასაც ხედავს, როგორც გხედავთ, იმ ამბავს მოგითხრობთ დაზუსტებით, ოღონდ შეტრიალებულად.

ახლა მეხუთე ფაზა: ნარცისმა საკუთარ თავში თქვენი ხატი დაანგრია. შურისძიების დროა. ის იწყებს თქვენი სუსტი წერტილების მოძებნას, რომ დაიწყოს თქვენი გაუფასურება. ამას ის აკეთებს შეფასებებით, კომენტარებით, მიმიკით ან სულაც ნართაული საუბრით.

ახლა იწყება ეტაპი, როდესაც ყოველი სიტყვა, რომელსაც იტყვით, ნარცისულ სასამართლოზე თქვენივე თავის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ის თვლის, რომ თქვენ ფსიქოპათი ხართ და ამ ურთიერთობაში რჩებით, რათა ბოლომდე გაანადგუროთ ის და თქვენი სიყვარულიც მოჩვენებითი სიყვარულია, რათა ასე უფრო მეტად აკონტროლოთ. ამ მომენტში, რაც უფრო თანამგრძნობი და თბილი ხართ, მეტად იწყებს თქვენ შეჯავრებას, რადგან წარმოუდგენია, რომ ეს ყველაფერი მახეა, ტყუილია, რომლითაც მის საბოლოო განადგურებას ცდილობთ.

ასეთ დროს ნებისმიერი თქვენი მოქმედება მის პარანოიას აძლიერებს, რადგან ნარცისის შინაგანი სამყარო ავატარებითა და ნიღბებითაა სავსე. ისაა აქ რეჟისორიც და სცენარისტიც და ხედავს მხოლოდ იმას, რაც მის ფანტაზიას სურს დაინახოს. ამ სცენარში თქვენ მეორეხარისხოვანი როლი გაქვთ, მეტიც, რეკვიზიტის, რადგან ყველაფერი ისეა, როგორც ეს ნარცისს წარმოუდგენია.

შეუქცევადი პროცესი დაწყებულია.

მეექვსე ეტაპზე ნარცისი მასში არსებულ თქვენ ხატს ესაუბრება: მე აღარ დაგნებდები. შენი მანიპულაციები ჩემზე აღარ იმოქმედებს. შენ დაზიანებული ადამიანი ხარ, ფსიქაიატრის ჩარევა გჭირდება და რაც მალე, მით უსაფრთხოდ ვიქნები მეც. ნებას არ მოგცემ შენ ბუნაგში შემათრიო, რათა გამანადგურო საბოლოოდ. მე საკმარისად ძლიერი ვარ, რათა თავი დავიცვა.

მე მორალური ვარ და შენ დაცემული. მე იდეალური და შენ მონსტრი, მე თავი უნდა დავიცვა შენგან, რადაც გინდა დამიჯდეს.

თუ ნარცისი სექსუალური პარტნიორია, ის დისტანცირებას იწყებს, რათა ამით ხაზი გაუსვას როგორი „სუფთაა თავად“ და როგორი მიწიერი ხართ თქვენ ამ თქვენს სურვილებში, ან პირიქით, გამოავლინოს რაღაც არაამქვეყნიური „მადა“, რათა გაჩვენოთ როგორი დიდებულია „იმ საქმეშიც კი“. ნარცისები ხშირად კარგი სექს პარტნიორები არიან, თუმცა შინაგან სიცარიელეს თუ ხედავთ, ეს მხოლოდ კოიტუსია, მეტი არაფერი.

მეშვიდე ეტაპი გარემოცვის დამუშავებაა. თქვენი ახლობლები, მისი ახლობლები, ფსიქოთერაპევტი თუ მღვდელი, ვისთანაც ნარცისი აღსარებაზე შეიძლება დადიოდეს ამ მახეში ებმებიან. ახლა მათი დროა. ნარცისმა მათი დამუშავებაც უნდა დაიწყოს და აჩვენოს სამყაროს, როგორ ცდილობთ ღმერთისტოლა ადამიანისგან მოზილოთ ტალახი. ამ ეტაპზე ნარცისი ცდილობს ჩაგაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც თქვენ უნდა წახვიდეთ მისგან. იქნება ეს დაშორება თუ ღალატი, რათა მოახდინოს ბავშვობის ტრავმის ხელახალი ინსცენირება, როდესაც ის თვლიდა, რომ დედამ უღალატა და მიატოვა იგი.

„შენ ცდილობ შექმნა ალტერნატიული რეალობა ჩემ თავში, რათა გაურკვევლობით დამტანჯო და დამაკარგვინო ჩემი ნამდვილი მე! – ამის საშუალებას არ მოგცემ! ვერ მიტან და უნდა აღიარო ეს. უჩემოდ რომ უკეთესად იქნები, ეს უნდა აღიარო!“ – ამბობს ნარცისი და კიდევ ერთხელ გაიძულებთ მიატოვოთ.

იწყება მერვე ეტაპი: ნარცისისთვის თქვენ ნომერ 1 მტერი ხართ. ის ცდილობს, რომ ურთიერთობა დაინგრეს, რადგან მის არაცნობიერში თქვენ (სქესის მიუხედავად) დედამისი ხართ, ვისთან განცალკევებასაც ვერაფრით ახერხებს და ეს იმიტაციები და პროექციები საკუთარი თავისთვის სჭირდება.

მაგრამ აქ დილემაა: ის ცდილობს განცალკევდეს დედის ხატისგან, მოიშოროს ის და ამავე დროს სჭირდება ეს ფიგურა უსაფრთხოებისთვის და ეშინია განცალკევებისა. ამიტომ ის გიახლოვებთ და განგაგდებთ, ცივი-ცხელი. ყინული-ცეცხლი ეს ნარცისული მიდგომაა.

ახლა იწყება მეცხრე, ბოლო ეტაპი: შურისძიება. ამ ნაწილის განსაზღვრა უკვე რთულია. ნარცისი საკუთარ თავშია ჩამალული. პატარა ბავშვი კუთხეში მიიმალა და ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, რაიმეთი დაგაზიანოთ. ამ ეტაპზე მას საბოლოოდ ეჯავრებით. ეჯავრება თქვენი გახსენება, წარმოდგენა, თქვენი ხატი მასში საბოლოოდ დაინგრა, მაგრამ დედა არსად გამქრალა. თქვენ მას უღალატეთ, ამისთვის კი სასტიკად უნდა დაისაჯოთ!


თავისუფალი თარგმანი ლექციიდან: „როგორ გხედავთ ნარცისი!“

სემ ვაკნინი, ისრაელელი ფსიქოთერაპევტი

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *