
ინდივიდუალიზაციის გზაზე
1: სამყარო აუცილებლად გკითხავს ვინ ხარ და თუ პასუხი არ გექნება, მაშინ ის თავად გიკარნახებს ამას და ეს ნაკარნახევი იქნება სხვისი აზრი და არა შენი „მე“.
ფროიდისგან განსხვავებით, იუნგი თვლიდა, რომ ადამიანს მხოლოდ წარსული კი არ განსაზღვრავს, არამედ მისი წარმოდგენა მომავალზე.
2: ნუ დააკოპირებ სხვას. იყავი ის, ვინც ხარ. დაუშვი შეცდომები, რომლებიც მხოლოდ შენი შეცდომებია. გაერკვიე თავში და დააზუსტე
ვინ ხარ
რა მოგწონს
რა არ მოგწონს
ვინ გინდა იყო
3: გააცნობიერე საკუთარი განცდები, რეპრესირებული გრძნობები, ფიქრები, რაც განვითარების გზაზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობებია ხოლმე.
4: ფოკუსირდი ვინ გინდა იყო.
„მე ის კი არ ვარ, რაც გადამხდა, არამედ ის, რასაც ვირჩევ“
კონცენტრირდი მომავალზე. გეგმებზე და დაუთმე ამაზე მუშაობას კონკრეტული დრო.
წარსულ გამოცდილებაზე ჩაციკვლა იწვევს ნევროზსაც და ბოლოს ჩვენ ვემსგავსებით იმას, რამაც გვატკინა, ამიტომ უნდა გაიაზრო გარდასული, აპატიო თავს და გააგრძელო გზა.
5: გადააგდე ადიქციები. არ არსებობს კარგი ადიქცია. ნარკოტიკზე დამოკიდებულება თუ სწრაფვა იდეალიზმისკენ, ორივე ადიქციაა. ერთი ფიზიკურად განადგურებს, მეორე სულიერად. ესაა შემოსაზღვრა და ჩარჩოებში თავის ჩასმა, წინ მომავალი არ ჩანს.
6: იყავი გულწრფელი თავთან, სხვებთანაც, მაგრამ უპირველესად საკუთარ შესაძლებლობებთან.
„შენ არ ხარ ის, რასაც ამბობ რომ გააკეთებ, არამედ ის, რასაც აკეთებ!“
ცხოვრება ძირითადად 2 ეტაპად იყოფა. პირველი ეგოს ფორმირება და მეორე ტრანსფორმაციაა. შენი წარმოდგენები საკუთარ თავზე, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც დაბალი თვითშეფასება გტოვებს წარსულში, ასევე მაღალი, არაადეკვატური წარმოდგენა თავზე გიშლის ხელს დაინახო ვინ ხარ, სადაა შენი ადგილი ცხოვრებაში.
თუ პირველ ეტაპზე პერსონალური განვითარება და ექსპერიმენტებზე გადის და ცდისა და შეცდომის გზა აუცილებლად გასავლელია, მეორე ეტაპზე სამყაროსთან სრული ინტეგრაცია უნდა დაიწყო.
ანალიზი იმისა, რა შეგიძლია რეალურად. რაშია შენი განსაკუთრებულობა, სადაა შენი ადგილი. უნდა ისწავლო ჰოსა და არას თქმა იმის მიუხედავად თუ ვინ გთხოვს.
რა არის შენი ლიმიტები, სადამდე შეგიძლია შეცურო წყალში, რომ არ დაიხრჩო და ასე შემდეგ.
ახლა დროა შეძლო იყო გულწრფელი თავთანაც და სხვასთანაც.
7: გადააქციე შენი სისუსტეები ძლიერ მხარედ. ნუ ჩაუდგები თავს პროკურორის როლში, ნუ გაკიცხავ ყველაფერზე, ნუ გააკრიტიკებ სისუსტის გამო, არამედ სცადე დაეხმარო თავს, როგორც საყვარელ ადამიანს წინ წასვლაში.
8: იპოვე კავშირი რაიმე მარადიულთან. აარჩიე რაიმე სულიერი გზა. თუ მორწმუნე ხარ, მიჰყევი იმ რელიგიას, რომელშიც დაიბადე, რომელიც გეძახის, თუ ათეისტი ხარ, იფიქრე რაიმე დიადსა და მარადიულზე, სამყაროზე, სადაც შენ თავს იპოვნი, იქნება ეს კოსმოსი, თუ ადამიანის, როგორც სახეობის გადარჩენა. უნდა დარწმუნდე, რომ შენი სიცოცხლე და არსებობა გამართლებული და მნიშვნელოვანია სამყაროსთვის.
გწამდეს ღმერთის, როგორც დიდის, გწამდეს სამყაროს უნიკალურობისა და უჩვეულობის, გწამდეს თუნდაც ევოლუციის საოცარი ფენომენის და ამ ჯაჭვში შენი, როგორც ინდივიდის ადგილის.
ეს ყველაფერი ძალას მოგცემს გაიცხოველო სურვილი შეიტანო საკუთარი კონტრიბუცია ადამიანად ყოფნის გამართლებაში.
9: მოიცალე ღრმა რეფლექსებისთვის.
„უნდა დარჩე მარტო, რათა გაარკვიო რა ან ვინ გშველის მაშინ, როცა საკუთარი თავის შველა უკვე შეუძლებელია!“
მარტოობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტია, რაც გეხმარება საბოლოოდ გაარკვიო რა გხდის ბედნიერს, რათა მერე ჩაეჭიდო ამ ბედნიერებას და აღარასოდეს გაუშვა ხელი.
10: ის, რაც ერთ ადამიანს გადახდენია თავს, მთელი სამყაროს საკუთრება ხდება.
სხვისი გაფრთხილება ამიტომაც მნიშვნელოვანია, სხვაზე დაფიქრებაც მნიშვნელოვანია. რას პოულობ სხვის სულში ისეთს, რაც თავად არ გამოგიცდია?
მარი ლუიზ ფონ ფრანსის მიხედვით